„სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი - უფლება გვაქვს, სამართლებრივი დავა დავიწყოთ, მაგრამ ჯერ მოვლენების განვითარებას დაველოდებით
ჩვენ ყველანაირი უფლება გვაქვს, სამართლებრივი დავა დავიწყოთ, მაგრამ ჯერ მოვლენების განვითარებას დაველოდებით, – ამის შესახებ „სითი ინსტიტუტის“ გენერალურმა დირექტორმა და გენერალური გეგმის ერთ–ერთმა ავტორმა მამუკა სალუქვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ალბათ, დავასაც დავიწყებთ და ამ საკითხების განხილვასაც, მაგრამ უბრალოდ, ვიცი, რომ ქალაქის მერს ამ დოკუმენტის მიღება ძალიან უნდა და ჩვენთვის საინტერესოა, მერამდე ვის მიაქვს ინფორმაციები, რომელსაც ის ისმენს“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
ამ განცხადებით „სითი ინსტიტუტის“ გენერალურმა დირექტორმა გადაცემის წამყვანის მაკა ცინცაძის შეკითხვას უპასუხა, იმ შემთხვევაში, თუ ოთხშაბათს მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება და მერია „სითი ინსტიტუტისთვის“ გადასახდელ 800 ათას ლარს აღარ გადაიხდის, დაიწყებს თუ არა კომპანია სამართლებრივ დავას.
მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილს ნამდვილად არ ემსახურებოდა.
„შემდეგ რაც მოხდა, ეს ჩვენთვის საერთოდ გაუგებარი იყო. მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ დარბაზი ვინმესთან ერთად დემონსტრაციულად არ დაგვიტოვებია. დარბაზიდან უბრალოდ, გამოვედით, რადგან ისეთი სიტუაცია შეიქმნა, იქ ყოფნის არავითარი სურვილი არ გვქონდა“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა „სითი ინსტიტუტის“ გენერალურ დირექტორს კომუნიკაცია თბილისის მერთან და ფიქრობს თუ არა ის, რომ კახა კალაძე გენგეგმის დოკუმენტს არ იცნობს, მამუკა სალუქვაძემ აღნიშნა, რომ ეჭვი ეპარება, კახა კალაძეს დოკუმენტის 1 200 გვერდი ჰქონდეს წაკითხული და ყველა რუკა – ნანახი.
„რა თქმა უნდა, ის თავისი მრჩევლების მოსაზრებებს ისმენს და ეს მრჩევლები რა ინფორმაციას აწვდიან, დაახლოებით ვხვდებით. ვიცი, რომ ბატონი კახა ამ დოკუმენტის მიღებაზე მოწადინებულია. გენგეგმის მიღება მისი წინასაარჩევნო დაპირებაა და ძალიან ცუდი ფაქტი იქნება, თუ ასეთი არასწორი რჩევებისა და კონსულტაციების გამო დოკუმენტი ისე ჩავარდება, რომ ბატონ კახას არც ეცოდინება, საქმე რა დოკუმენტთან აქვს“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.