„სითი ინსტიტუტმა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა პირველ ივნისამდე უნდა დაასრულოს 
„სითი ინსტიტუტმა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა პირველ ივნისამდე უნდა დაასრულოს 

გენერალური გეგმა თბილისისთვის არის უმნიშვნელოვანესი, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულებინოთ „სითი ინსტიტუტს“ ვალდებულებების შესრულება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დოკუმენტის სრულყოფის მიზნით,  ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა გენერალურ გეგმის ჯგუფთან და მერიას აქვს მოლოდინი, რომ წარმოდგენილი იქნება გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი და ხარისხიანი მასალა.

„მოგეხსენებათ, ჩვენ დედაქალაქს დავპირდით გენერალური გეგმის მიღებას. მერიაში ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან ინტენსიურად ვმუშაობთ გენერალური გეგმის ჯგუფთან, დოკუმენტის სრულყოფის მიზნით. შეფასების და ანალიზის პროცესში ჩვენ ჩავრთეთ საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. შედეგად, წარმოდგენილი იყო შენიშვნები და მითითებები, რომელთა განხილვა მოხდა საჯაროდ. შესაბამისად, დავრწმუნდით, რომ არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება. “სითი ინსტიტუტის” მიერ წარმოდგენილი კონცეფცია, რომელიც თავმოყრილია პირველ 5 ეტაპში-მწვანე ქალაქი, კომპაქტური და შეკავშირებული – ჩვენთვის მისაღებია. ჩვენთვის მთავარია, რომ გენგეგმაში ჩადებული კონცეპტუალური ნაწილი იყოს რაც შეიძლება ადვილად, გონივრულ დროში შესრულებადი და ქალაქის, თითოეული მოქალაქის მოთხოვნებთან მაქსიმალურად მიახლოებული, რაც უნდა ყოფილიყო მე-6 ეტაპში წარმოდგენილი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გენგეგმასთან დაკავშირებით დისკუსია, პოლემიკა და განხილვა დასრულებულია.

შემიშვნები, მათზე პასუხები და სამუშაოების ჩაბარებისთვის აუცილებელი პირობები დამუშავებულია და შეჯერებული. იქიდან გამომდინარე, რომ გენერალური გეგმის არსებობა თბილისისთვის არის უმნიშვნელოვანესი, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულებინოთ „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესრულება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ „სითი ინსტიტუტმა“ წარმოადგინოს ქმედითი, გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი და ხარისხიანი მასალა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „სით ინსტიტუტს“ ვადა პირველ ივნისამდე აქვს.