თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კახა კალაძე დღეს გამოაცხადებს
თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კახა კალაძე დღეს გამოაცხადებს

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით თბილისის მერი კახა კალაძე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, კახა კალაძე და მერიის წარმომადგენლები თბილისის საკრებულოში „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი თბილისის მერი ბრიფინგს გამართავს.

კახა კალაძის განცხადებით, გენერალური გეგმა იმ ფორმით, როგორც დღეს არის წარმოდგენილი, მიუღებელია. თბილისის მერის თქმით, დოკუმენტში ხარვეზებია ტრანსპორტისა და კერძო საკუთრების მიმართულებით, ასევე არ არის წარმოდგენილი გეგმის განხორციელების მეთოდოლოგია.

„მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გენერალური გეგმის არსებობა. ამ დოკუმენტს რომ დაეფუძნოს ქალაქის გრძელვადიანი განვითარება, მნიშვნელოვანია, დოკუმენტი იყოს ხარისხიანი და გამართული. იმ ფორმით, რაც არის წარმოდგენილი, მიუღებელია ამ დოკუმენტის არსებობა. მე უბრალოდ მიხარია, რომ თვითონ ამ დოკუმენტის ავტორები საუბრობენ იმაზე, რომ ნორმალურია, ხარვეზები არსებობდეს და უნდა არსებობდეს კიდეც, ამიტომ ძალიან მასშტაბური დოკუმენტია. კონცეფციას რაც შეეხება, ჩვენ ვემხრობით, მისასალმებელია მწვანე ქალაქი, შეკავშირებული და კომპაქტური ქალაქი, მაგრამ ამის განხორციელება როგორი მეთოდოლიგიით უნდა მოხდეს, ეს არ არის წარმოდგენილი. პრობლემები არის ტრანსპორტის მიმართულებით, კერძო საკუთრების მიმართულებით და ეს ყველაფერი იქნება გამოსასწორებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„სითი ინსტიტუტის“ დირექტორის განცხადებით, თბილისის ისეთ მასშტაბურ გეგმაზე, როგორიც მიწათსარგებლობის გეგმაა, შენიშვნები უნდა არსებობდეს, თუმცა მამუკა სალუქვაძე იმედოვნებს, რომ ხარვეზების აღმოსაფხვრელად თბილისის მერია „სითი ინსტიტუტთან“ ერთად გააგრძელებს მუშაობას.

თბილისის საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლის, ლევან ხაბეიშვილის აზრით, გენერალური გეგმის მიღება ქაოტური მშენებლობების შესაჩერებლად აუცილებელია. ხაბეიშვილი თბილისის მერიას მოუწოდებს, მიიღოს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და შემდეგ გაგრძელდეს დოკუმენტში არსებულ ხარვეზებზე მუშაობა.