მამუკა სალუქვაძე - თუ მერია არ ჩაიბარებს „სითი ინსტიტუტის“ მომზადებულ დოკუმენტს, სასამართლო დავა იქნება
მამუკა სალუქვაძე - თუ მერია არ ჩაიბარებს „სითი ინსტიტუტის“ მომზადებულ დოკუმენტს, სასამართლო დავა იქნება

ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორის, მამუკა სალუქვაძის განცხადებით, „სითი ინსტიტუტმა“ საერთაშორისო დონის დოკუმენტი შეიმუშავა და რასაც მერია ითხოვს, არის არასწორი.

მისივე თქმით, აღნიშნული მოთხოვნა არც გეგმარებით დავალებაში ეწერა და მსოფლიოში მსგავსი რამ არსად კეთდება.

„ჩვენ გვაქვს სასამართლო დავის უფლება და განვიხილავთ ამ საკითხს. თუ მერია არ ჩაიბარებს დოკუმენტს, იქნება სასამართლო დავაც. ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნილებებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. „სითი ინსტიტუტმა“ ძალიან რთულ ვითარებაში, ძალიან რთული ქალაქისთვის ძალიან გამართული დოკუმენტი დადო და არ მიმაჩნია, რომ „სითი ინსტიტუტს“ თითი უქნიონ და ისეთ შენიშვნებზე ელაპარაკონ, რაც არ არის გასათვალისწინებელი“, – აღნიშნა მამუკა სალუქვაძე.

სალუქვაძე თბილისის მერ კახა კალაძის ბრალდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სითი ინსტიტუტის“ შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია.

„შეურაცხყოფა ჩვენ არავისთვის მიგვიყენებია და არც გვიფიქრია ამის გაკეთება. შეურაცხმყოფელი იყო ის, რაც დავინახეთ – პატარა ბავშვებივით დასვეს ძალიან მხცოვანი და ძალიან გამოცდილი არქიტექტორები და თითი უქნიეს. იმ ჯგუფისგან, რომელმაც შეიმუშავა მიწათსარგებლობის გეგმა, თბილისის მერიას პრეზენტაცია არ მოუსმენია. ჩვენ შევხვდით მათ, გვთხოვეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩამოყვანა. ჩვენი უცხოელი პარტნიორები ჩამოვიდნენ, მოაწყვეს პრეზენტაცია და იქ არ იყო მერიის არც ერთი წარმომადგენელი. რატომ არ ვესწრებით? იმიტომ, რომ არ დაგვპატიჟეს. რატომ არ ვიყავით ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც პარასკევს გაიმართა? იმიტომ, რომ არ დაგვპატიჟეს“, – განაცხადა „სითი ინსტიტუტის“ დირექტორმა.

მამუკა სალუქვაძის თქმით, „სითი ინსტიტუტს“ მოლოდინი არ აქვს, რომ გენგეგმას თბილისის მერია ჩაიბარეს.

„აქეთკენ მიდის სიტუაცია, ჩვენდა სამწუხაროდ. ქალაქს აკლდება ბევრი წელი ისევ. ქალაქი იქნება გენგეგმის გარეშე, გეგმური განვითარების გარეშე და ესე ცალკეული პროექტებით მოხდება. ხშირ შემთხვევაში, არასწორი პროექტებით მოხდება მისი მართვა და მისი განვითარება. ეს რა შედეგებამდე მიგვიყვანს, აქამდეც ვხედავდით და კიდევ უფრო დავრწმუნდებით“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორის განცხადებით, ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გენგეგმის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც კარი ყველა იმ ადამიანისთვის იქნება ღია, ვისაც გარკვეული აზრი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, 2 აპრილს გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა თბილისის მერია „სითი ინსტიტუტის“ შემუშავებულ გეგმას.