სირიის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს
სირიის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს

სირიასთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.

რამდენიმე წუთის წინ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი. ნიკი ჰეილის თქმით, აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ განხორციელებული იერიში არ იყო არც შურისძიება და არც ერთჯერადი, არამედ ეს იყო იერიში სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.

„აშშ-მა ყველა დიპლომატური გზა გამოიყენა და არა ერთხელ. ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას ამ საბჭოში რუსეთმა ვეტო ექვსჯერ დაადო. რუსეთმა თავის დროზე პირობა დადო, რომ უზრუნველყოფდა სირიაში ქიმიური იარაღის განადგურებას, მაგრამ ეს არ მოხდა. ვიდრე რუსეთი აქ რეზოლუციებზე ვეტოს დადებით იყო დაკავებული, ბაშარ ასადი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებდა. ქიმიური იარაღი ჩვენთვის, ყველასთვის წარმოადგენს საშიშროებას. ჩვენ არ მივცემთ რუსეთს უფლებას, დაარღვიოს ყველა საერთაშორისო შეთანხმება“, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

ჰეილის თქმით, გუშინ განხორციელებული სარაკეტო იერიში იყო ღია გზავნილი, რომ აშშ ასადს ქიმიური იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს.

ნიკი ჰიეილიმ მადლობა გადაუხადა ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებს და აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილი ამ ქვეყნებს ულოცავს.