„ფრანს პრესი“ - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თურქეთში გაემგზავრება
„ფრანს პრესი“ - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თურქეთში გაემგზავრება

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უახლოესი 24 საათის განმავლობაში თურქეთში გაემგზავრება.

გამოცემის ცნობით, მაიკ პენსი თურქეთის მთავრობასთან გამართავს მოლაპარაკებას, რომლის მიზანიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის შეჩერება და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაა.

როგორც „ფრანს პრესი“ იუწყება, პენსთან ერთად თურქეთში გაემგზავრება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი რობერტ ობარიენი და სირიაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს ჯეფრიც.

როგორც ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, თუ მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებს, მაშინ აშშ-ი თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს.

თეთრ სახლში ასევე განმარტეს, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ქალაქი მანბიჯი, სადაც თურქი და ამერიკელი სამხედროები პატრულირებდნენ, თუმცა აშშ-ი რეგიონის საჰაერო სივრცის კონტროლს განაგრძობს.

ტრამპის ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ სირიაში წამოწყებული სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ქურთების მიერ დატყვევებული „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები საპატიმროებიდან არ გაქცეულან.

აშშ-მა ასევე დააფიქსირა ადამიანი უფლებების დარღვევის ფაქტები, რომელთა უმეტესობა არა თურქმა სამხედროებმა, არამედ მათ მიერ კონტროლირებადმა სირიელმა ოპოზიციონერმა მებრძოლებმა ჩაიდინეს, თუმცა, ვაშინგტონი შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას სრულად თურქეთს აკისრებს.

როგორც ცნობილია, სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გაავრცელა ცნობა, რომ თურქეთის მხარდაჭერით მოქმედმა ჯგუფებმა ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. მათ შორის იყო „მომავალი სირიის პარტიის“ გენერალური მდივანი ჰერვინ ხალაფი.