დავით ბაქრაძე - რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებლები განიცდიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ასევე დარღვევები გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით, რასაც ვგმობთ
დავით ბაქრაძე - რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებლები განიცდიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ასევე დარღვევები გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით, რასაც ვგმობთ

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კანონის უზენაესობის საკითხზე ღია დებატები გაიმართა. დებატების მთავარი საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა იყო.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გაერო-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, რომელმაც რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევებზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებზე.

როგორც გაერო-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კანონის უზენაესობის დაცვისა და გაძლიერების აუცილებლობა ყველა სახელმწიფოს თანაბრად ეხება.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები, მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, უხეშად ირღვევა, რაც მუდმივად საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას.

„კანონის უზენაესობა არის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების საფუძველი. შესაბამისად, გვჯერა, უპირობოა, რომ კანონის უზენაესობის დაცვისა და გაძლიერების აუცილებლობა ყველა სახელწმიფოს თანაბრად ეხება და უნდა წარმოადგენდეს ქვეყნების სახელმძღვანელოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

სამწუხაროდ, გაერო-ს დაარსებიდან 78 წლის შემდეგ საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები, მათ შორის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, საზღვრების ხელშეუხებლობა და შიდასაქმეებში ჩაურევლობა, კვლავ უხეშად ირღვევა, რაც მუდმივად საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას, უსაფრთხოებას, გაერო-ს წესდებას, წესებზე დაფუძნებულ წესრიგს და მულტილატერალიზმს. აქედან გამომდინარე, ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების სია გრძელია.

მსურს, ჩემი ქვეყნის მაგალითი აღვნიშნო, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი, ცხინვალი და მათი მცხოვრებლები კვლავ განიცდიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, დისკრიმინაციას. საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების მძიმე დარღვევები ასევე გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიით, რომელსაც საქართველო უმკაცრესად გმობს.

უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები, რომელთა დაცვა ჩვენი, ყველას ვალდებულებაა, მუდმივად ირღვევა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრის მიერ, რომლის მთავარი პასუხისმგებლობა არის და უნდა იყოს გლობალური უსაფრთხოების ხელშეკრულება.

მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის დროებითი ზომები, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია და გაიყვანოს თავისი ძალები, სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.