თურქეთის ელჩი - ჩვენს ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ თუ ვერ ვიგრძნობთ, ჯიბეში რამდენი ფულიც უნდა გვქონდეს, ფასი არ ექნება
თურქეთის ელჩი - ჩვენს ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ თუ ვერ ვიგრძნობთ, ჯიბეში რამდენი ფულიც უნდა გვქონდეს, ფასი არ ექნება

ათათურქმა ჩვენ,  თურქებს დაგვიბარა – თუ საკითხი შეეხება სამშობლოს, სხვა ყველაფერი არის დეტალები,- ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ თურქეთისთვის დაწესებული სანქციების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკუთარ უსაფრთხოებაზე თურქეთმა თავად უნდა იზრუნოს.

რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკურ  სანქციებს, ელჩის თქმით, „თუ ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობენ, რამდენი ფულიც უნდა ჰქონდეთ, მას არანაირი ფასი არ ექნება”

„საერთაშორისო ურთიერთობები ასეთია. ყველა ქვეყანას აქვს ლეგიტიმური ინტერესები. ყველა ქვეყნის ინტერესებში შესაძლოა, არ შედის თურქეთის უსაფრთხოება და საზღვრის დაცვა. ჩვენ საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ კი არ გვჯერა, არამედ ვიცით, რომ ვართ მართლები და რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, თუ ეს ზეგავლენას იქონიებს, მზად ვართ ამისთვის. თუ არ გვექნება სამშობლო და ჩვენს ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვერ ვიგრძნობთ, ჯიბეში რამდენი ფულიც უნდა გვქონდეს, მას არანაირი ფასი არ ექნება”,-აღნიშნა თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა.

სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები შეეხო თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს, ასევე თავდაცვის, ენერგეტიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს.