სიცოცხლის საძებნელად, ნასა ტიტანზე ხომალდს გაგზავნის - მისია ოფიციალურად დამტკიცდა
სიცოცხლის საძებნელად, ნასა ტიტანზე ხომალდს გაგზავნის - მისია ოფიციალურად დამტკიცდა

ახალი პლანეტური სამეცნიერო მისიის ფარგლებში, ნასა მფრინავ რობოტს დასვამს სატურნის მთვარე ტიტანზე. ეს ობიექტი არამიწიერი სიცოცხლის ძებნის უმთავრესი სამიზნეა.

„დრაგონფლაი“ (Dragonfly) ამ სახის პირველი მისია იქნება. ნასას ახალი ხომალდი მანქანის ზომის კვადროკოპტერი, ანუ მრავალპროპელერიანი საფრენი აპარატია, აღჭურვილი იქნება ინსტრუმენტებით, რომლებსაც შეეძლება დიდი ორგანული მოლეკულების დაფიქსირება. მისიის გაშვება 2026 წლისთვის იგეგმება; დანიშნულების ადგილზე ხომალდი 2034 წელს ჩავა, შემდეგ კი ფრენას დაიწყებს ერთმანეთისგან ასობით კილომეტრით დაშორებულ სხვადასხვა ლოკაციას შორის.

ნასას სამეცნიერო ადმინისტრატორის, თომას ზურბუკენის განცხადებით, ეს საკმაოდ თამამი და დროული მისიაა.

რატომ ტიტანი?

ტიტანი ზომით პლანეტა მერკურიზე დიდია და გეოგრაფიულად დედამიწის მსგავსად მრავალფეროვანია. ამ დიდ, ცივ მთვარეს აქვს სქელი, მეთანით მდიდარი ატმოსფერო, ყინულის მთები და არის ერთადერთი სხეული მზის სისტემაში დედამიწის შემდეგ, რომლის ზედაპირზეც თხევადი ტბები და ზღვები.

თუმცა, მეთანის ტბები და მდინარეები სავსეა თხევადი ნახშირწყალბადებით. მეცნიერთა აზრით, ტიტანის ყინულოვანი ქერქის ქვეშ იმალება წყლის ოკეანეც.

ეს სამყარო აბსოლუტურად განსხვავდება ჩვენი პლანეტისგან, მაგრამ როგორც ნასას პლანეტურ მეცნიერებათა განყოფილების დირექტორი ლორი გლეიზი აღნიშნავს, აქვს ყველა საჭირო ინგრედიენტი სიცოცხლის აღმოცენებისთვის.

ტიტანის ნახშირბადის კომპლექსური სარტყლები და ჯაჭვები ფუნდამენტურია მრავალი ბიოლოგიური პროცესისთვის და სავარაუდოდ ჰგავს იმ სამშენებლო ბლოკებს, რომლებისგანაც დედამიწაზე სიცოცხლე აღმოცენდა.

გლეიზის თქმით, „დრაგონფლაი“ აქვს შანსი აღმოაჩინოს პროცესები, რომლებიც ადრეულ დედამიწაზე იყო წარმოდგენილი და შესაძლოა, მიაგნოს იმ გარემოსაც, რომელშიც სიცოცხლე ახლა ყვაოდეს.

ახალი საზღვრები

ეს გახლავთ ნასას საშუალო ზომის პლანეტური სამეცნიერო პროექტების პროგრამა „ახალი საზღვრების“ (New Frontiers) მეოთხე მისია. ღირებულება დაახლოებით 1$ მილიარდია.

მისი წინამორბედები არიან ხომალდი „ნიუ ჰორაიზონსი“, რომელმაც 2015 წელს პლუტონს გადაუფრინა; ასტეროიდ ბენუსკენ ამჟამად მიმავალი ხომალდი OSIRIS-REx-ი და „ჯუნო“, რომელიც ამჟამად იუპიტერის გარშემო მოგზაურობს.

პროგრამის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობს კიდევ ერთ მისიაზე, სახელად CAESAR, რომელიც კომეტა 67P/ჩურიმოვ-გერასიმენკოსთან გაეშვებაორგანულ, მისი ზედაპირიდან ნიმუშებს აიღებს და დედამიწაზე 2038 წელს ჩამოიტანს.

„დრაგონფლაი“ ტიტანის ეკვატორთან ახლოს დაჯდება, მყარი ნახშიწყლალბადების ფიფქებისგან წარმოქმნილ დიუნებში. ნასას მარსმავალთა მსგავსად, იმუშავებს რადიოაქტიური პლუტონიუმის მიერ გამოყოფილ სითბურ ენერგიაზე.

თუმცა, მას რვა როტორი (ტურბინების თვლები) ექნება და გაცილებით მეტ მანძილს დაფარავს, ვიდრე ნებისმიერი ბორბლებიანი მავალი.

ტიტანზე ფრენა საკმაოდ ადვილია, რადგან მისი ატმოსფერო დედამიწისაზე სქელია, გრავიტაცია კი სუსტი.

ხომალდი მანევრირებასაც თავად მოახდენს. დედამიწიდან გაშვებულს სიგნალებს ტიტანზე მისაღწევად 43 წუთი სჭირდება, რაც მისიას განსაკუთრებით ართულებს.

ამიტომ, მეცნიერებმა შექმნეს ნავიგაციის სისტემა, რომლის საშუალებითაც ხომალდი გამოავლენს რისკებს, ფრენას და დაჯდომებს კი ავტომატურად განახორციელებს.

სად დაჯდება „დრაგონფლაი“

ფრენისას ის აიღებს ტიტანის ნისლიანი ატმოსფეროს ნიმუშებს და გადაიღებს ლანდშაფტის აეროფოტოებს. თუმცა, ხომალდი დროის უდიდეს ნაწილს დაბლა გაატარებს, სადაც შეამოწმებს ბიოლოგიურად რელევანტურ ნივთიერებებს.

მისი საბოლოო დანიშნულების ადგილია სელკის კრატერი, რომელიც ძალიან შორეულ წარსულში მეტეორის დარტყმის შედეგად არის წარმოქმნილი. Ამ ადგილას მეცნიერებს აღმოჩენილი აქვთ თხევადი წყლის ნიშნები, ასევე ორგანული მოლეკულები და ენერგია, რომლებსაც ქიმიური რეაქციების წარმართვა შეუძლიათ.

ნასას ტიტანის ზედაპირი 2005 წლის შემდეგ არ უნახავს, როცა ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდი „ჰიუგენსი“ მის დაბურულ ატმოსფეროში ჩაეშვა და ზედაპირზეც დაჯდა. დაშვებისას ზონდმა შთამბეჭდავი ფოტოებიც გადაიღო. სურათები მართლაც საოცარი იყო — აღმოჩნდა, რომ ამ უცნაური მთვარის ლანდშაფტი ძალიან ჰგავს დედამიწისას.

თუმცა, მეცნიერთა ცნობით, თხევადი წყლის ნაცვლად მეთანზე თხევადი მეთანია, სილიკატური კლდეების ნაცვლად წყლის ყინული, ნიადაგის ნაცვლად კი იქ ნახშირწყალბადთა ნაწილაკები დაგხვდებათ.

ტიტანი მზიდან დაახლოებით 1,5 მილიარდი კილომეტრით არის დაშორებული და საკმაოდ ცივი სხეულია; ჩვეულებრივ დღეს ტემპერატურა -180 გრადუსი ცელსიუსია. ცოტა მეტი ჟანგბადის არსებობის შემთხვევაში, ტიტანის უხვი ნახშირწყალბადები უმალ ცეცხლში გაეხვეოდა.

მეცნიერებს ყველაზე მეტად ტიტანზე არსებული მეთანი აინტერესებთ. როგორც წესი, მეთანის მოლეკულებს მზის სინათლე რამდენიმე მილიონ წელიწადში ანადგურებს. თუმცა, ტიტანზე მისი გამძლეობა მიუთითებს, რომ იქ მიმდინარეობს რაღაც პროცესები, რომლებიც მეთანის მარაგს მუდმივად ანახლებს.

მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ტიტანის ამინდი ძალიან ჰგავს დედამიწისას, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მისი ღრუბლები ნახშირწყალბადთა გაზებისგან შედგება, თოვლი და წვიმა კი ორგანული ნივთიერებებისგან შედგება.

სიცოცხლის ჩვენთვის უცნობი ფორმა

ნასას მეცნიერთა განცხადებით, ტიტანი მრავალმხრივ ჰგავს ახალგაზრდა დედამიწას, სანამ სიცოცხლე აღმოცენებოდა და შეუქცევადად შეცვლიდა პლანეტას.

მათი აზრით, ტიტანი ბრწყინვალე ქიმიური ლაბორატორიაა იმ ქიმიურ პროცესებში გასარკვევად, რომელიც დედამიწაზე იქამდე ხდებოდა, ვიდრე ქიმია პირველ ნაბიჯს გადადგამდა ბიოლოგიაში.

„დრაგონფლაის“ სამეცნიერო ჯგუფის წევრის, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერის, სარა ჰერსტის თქმით, ტიტანი ერთგვარი კოსმოსური სამზარეულოა, რომელშიც მეცნიერებმა სიცოცხლისათვის საჭირო ყველა ინგრედიენტი იპოვეს.

მისი აზრით, შესაძლოა, ეს ინგრედიენტები არაფერსაც არ წარმოქმნიან ანდაც ისინი უბრალოდ ნიშანი იყოს სიცოცხლის ჩვენთვის უცნობი ფორმისა. ეს უნდა იყოს ბიოლოგია, რომელიც არა წყალზე, არამედ ნახშირწყალბადებზეა დაფუძნებული.

ხომალდ „ჰიუგენსის“ დაჯდომის შემდგომ წლებში, მეცნიერებმა კიდევ უფრო მეტი მოლეკულური საგანძური აღმოაჩინეს. მათ შორის იყო ნეგატიურად დამუხტული მოლეკულები, რაც კომპლექსურ ქიმიურ რეაქციებთანაა დაკავშირებული; წყალბადის, ნახშირბადისა და აზოტის რგოლები, რომლებისგანაც წარმოიქმნება ამინომჟავები; მოლეკულები, რომლებსაც შეჯგუფება და უჯრედის მემბრანის მსგავსი სფერული გარსის წარმოქმნა შეუძლიათ.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.