სატურნის მთვარე ტიტანზე ყინულის უზარმაზარი, იდუმალი დერეფანი აღმოაჩინეს
სატურნის მთვარე ტიტანზე ყინულის უზარმაზარი, იდუმალი დერეფანი აღმოაჩინეს

ტიტანი ისეთივე იდუმალია, როგორც მისი სახელი შეიძლება ჟღერდეს. სატურნის უდიდესი მთვარე ატმოსფერული აზოტის სქელ საბურველშია გახვეული, რომელიც უძველეს, გიგანტურ გეოლოგიურ უცნაურობას მალავს, თანაც ისე კარგად, რომ ამის შესახებ მეცნიერებმა მხოლოდ ახლახან შეიტყვეს.

ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერები იუწყებიან, რომ აღმოჩენილია ყინულით მდიდარი ქანების „დერეფანი“, რომელიც თითქმის ნახევარი გარშემო ვრცელდება. ეს ფორმაცია გადაჭიმულია 6300 კილომეტრზე, ანუ ტიტანის გარშემოწერილობის თითქმის 40 პროცენტზე.

არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერის, კატლინ გრიფითის განცხადებით, ყინულის ეს დერეფანი ნამდვილი გამოცანაა, რადგან ურთიერთკავშირში არ არის არც ზედაპირის და არც ზედაპირქვეშა რომელიმე მახასიათებელთან.

გრიფითმა და მისმა ჯგუფმა სპექტრული ანალიზი ჩაუტარა ხომალდ „კასინის“ მიერ გადაღებულ ათასობით ფოტოს. „კასინიმ“ ეს მასალა ინფრაწითელი სპექტრომეტრით გადაიღო, რათა რაც შეიძლება ღრმად ჩაეხედა ტიტანის გაუმჭვირვალე ნისლში.

მონაცემებში დამალულ ზედაპირის მახასიათებელთა გასარკვევად ჯგუფმა გამოიყენა პრინციპული კომპონენტის ანალიზის მეთოდი. შედეგად გამოაშკარავდა ყინულის უცნაური, გიგანტური ფორმაცია, რომელიც ტიტანის ეკვატორს გასდევს.

როგორც კვლევაში წერია, წყლის ყინული უსწორმასწოროდ, მაგრამ არა შემთხვევითად არის გადაჭიმული ტიტანის ტროპიკების გასწვრივ. ყინულით მდიდარი მასალის უმეტესობა მიჰყვება ვიწრო, გრძელ ხაზს, დერეფანს, რომელიც დაახლოებით 6300 კილომეტრზე ვრცელდება.

ამ მახასიათებლის ყველაზე დიდი უცნაურობა თავად მისი არსებობაა, რადგან მიჩნეულია, რომ ტიტანის ზედაპირი დიდწილად დაფარულია ორგანული დანალექებით, რომლებიც ზედაპირზე წვიმს ატმოსფეროში მზის სხივების მოქმედებით მეთანის მოლეკულების დაშლის შედეგად.

ამ უცნაურ, ტენიან, გაზოვან გარემოში, როლებსაც გრიფითი „დედამიწის ავადმყოფ ვერსიას“ უწოდებს, უცნობია, როგორ გაჩნდა ყინულის მოშიშვლებული სტრუქტურა. ჯგუფის აზრით, ის შეიძლება სრულიად სხვა ეპოქის დროში გაყინული რელიკვია იყოს.

გრიფითის განცხადებით, შესაძლოა, ჩვენ წინაშეა რაღაც გადმონაშთი იმ დროისა, როცა ტიტანი სრულიად სხვანაირი იყო, რადგან ამ სტრუქტურის არსებობას ვერ ხსნის ამჟამად იქ არსებული გარემო.

კვლევის მიხედვით, ყველაზე შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს კრიოვულკანოზმის, ანუ ყინულის ვულკანების მემკვიდრეობა. დედამიწაზე, ასეთი ვულკანები კლდოვანი მაგმის ადგილებში ამოაფრქვევენ წყალს, ამიაკს ან მეთანს.

თუმცა, იმის გამო, რომ ტიტანზე ამჟამად არც ერთი აქტიური ვულკანი არ არის, ცოტა არ იყოს იდუმალია, როგორ შემორჩა ამ დრომდე ყინულის ეს გიგანტური დერეფანი. იდეაში, მას არც თუ ისე დიდხანს უნდა გაეძლო, რაც დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერი და რა ინტენსივობისაა ტიტანზე მეთანის წვიმები.

როგორც გრიფითი აღნიშნავს, ეს მახასიათებელი ფიქსირდება ციცაბო კალთებზე, მაგრამ არა ყველა ფერდობზე. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ყინულის დერეფანი ამჟამად ეროზიას განიცდის.

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი