სატურნის მთვარე ტიტანის ტბები მოსალოდნელზე უფრო უცნაური აღმოჩნდა
სატურნის მთვარე ტიტანის ტბები მოსალოდნელზე უფრო უცნაური აღმოჩნდა

2017 წელს, სატურნის უდიდესი მთვარის, ტიტანის თავზე საბოლოოდ გადაფრენისას, ნასას ხომალდმა „კასინიმ“ რადარული მონაცემები შეაგროვა. მათი ანალიზისას ირკვევა, რომ ტიტანის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებული თხევადი მეთანის ტბები უცნაურად ღრმაა და გარშემორტყმულია ბორცვებით.

ახალი კვლევის ფარგლებში პირველად გაირკვა ტიტანის ზოგიერთი ტბის სიღრმე და მათი შემადგენლობა. მივიღეთ ახალი ცნობები თხევადი მეთანის აორთქლებისა და წვიმის შესახებ. ტიტანი ერთადერთი სხეულია მზის სისტემაში დედამიწის შემდეგ, რომლის ზედაპირზეც სტაბილური სითხეა.

მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ ტიტანის ჰიდროლოგიური ციკლი დედამიწის მსგავსია, მაგრამ ახასიათებს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. ზღვებიდან წყლის აორთქლების, ღრუბლებისა და წვიმის წარმოქმნის ნაცვლად, ტიტანზე ამ ყველაფერს მეთანი და ეთანი აკეთებს. დედამიწაზე ეს ნახშირწყალბადები ძირითადად აირის სახით გვხვდება, თუ სპეციალურ ავზში წნევით არ ჩავტუმბავთ. თუმცა ტიტანზე იმდენად ცივა, რომ ეს ელემენტები იქ სითხის სახითაა, როგორც ბენზინი ოთახის ტემპერატურაზე.

მეცნიერებმა იციან, რომ ტიტანის ჩრდილოეთში, ყველაზე დიდი ტბები მეთანით არის გავსებული, მაგრამ სიურპრიზი აღმოჩნდა იმის გარკვევა, რომ ჩრდილოეთის პატარა ტბებიც მეთანით არის გავსებული. წარსულში, კასინის მონაცემების საფუძველზე გაზომეს ტიტანის სამხრეთ ნახევარსფეროს ერთადერთი დიდი ტბა — ონტარიო-ლაკუსი. მეთანისა და ეთანის შემადგენლობა მასში დაახლოებით თანაბარი აღმოჩნდა. ეთანი მეთანზე ოდნავ მძიმეა და შეიცავს ნახშირბადისა და წყალბადის უფრო მეტ ატომებს.

კვლევის ავტორის, მარკო მასტროჯუზეპეს განცხადებით, ყოველი ახალი აღმოჩენისას, ტიტანი უფრო იდუმალი ხდება, მაგრამ ამ კონკრეტულმა აღმოჩენამ პასუხი გასცა რამდენიმე საკვანძო კითხვას. შედეგად, ტიტანის ჰიდროლოგიაში გარკვევა ახლა უკეთ არის შესაძლებელი.

ტიტანისათვის დამახასიათებელი კიდევ ერთი უცნაურობა ის არის, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ერთი მხარის ჰიდროლოგია სრულიად განსხვავდება მეორე მხარის ჰიდროლოგიისგან.

ტიტანის აღმოსავლეთ ნაწილში მრავლად არის დაბალ სიმაღლეზე განთავსებული დიდი ზღვები, კანიონები და კუნძულები. დასავლეთ მხარეს კი ძირითადად პატარა ტბებია. ახალმა მონაცემებმა გამოააშკარავა დიდი ბორცვებითა და პლატოებით გარშემორტყმული ტბებიც. ახალი რადარული მონაცემებით დადასტურდა ვარაუდი, რომ ტბები ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლაა განთავსებული.

ის ფაქტი, რომ დასავლეთის ტბები ძალიან პატარაა, მხოლოდ რამდენიმე ათეული მეტრის სიგანის, მაგრამ საკმაოდ ღრმა — მეცნიერებს რაღაც ახალს ეუბნება მათი გეოლოგიის შესახებ. ირკვევა, რომ ისინი მაშინ წარმოიქმნა, როცა ყინულისა და მყარი ნივთიერებებისგან შედგენილი მიმდებარე ქანები ქიმიურად დაშალა და ჩაინგრა. დედამიწაზე, წყლით სავსე მსგავს ტბებს კარსტულ ტბებს უწოდებენ. ისინი მაშინ წარმოიქმნება, როცა წყალი კირქვის ქანებს შლის.

კასინის მონაცემებით ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ტბებში სითხის დონეები მნიშვნელოვნად იცვლება.

პლანეტური მეცნიერის, შენონ მაკენზის განცხადებით, ამ გარემოებას საუკეთესოდ ხსნის გარკვეული სეზონური ცვლილებები ზედაპირის სითხეებში.

ახალი აღმოჩენები მხარს უჭერს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ტიტანის ტბებს კვებას ჰიდროკარბონატთა წვიმები, რომლებიც შემდეგ კვლავ ატმოსფეროში ორთქლდება ან ზედაპირქვეშ იჟონება და იქ გროვდება.

ხომალდი „კასინი“ სატურნის სისტემაში 2004 წელს მივიდა, მისია კი 2017 წლის სექტემბერში დასრულდა, როცა ხომალდი მიზანმიმართულად გაანადგურეს სატურნის ატმოსფეროში.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.