შიმპანზეები ტუჩებს ადამიანის მეტყველების მსგავსი რიტმებით ამოძრავებენ — ახალი კვლევა
შიმპანზეები ტუჩებს ადამიანის მეტყველების მსგავსი რიტმებით ამოძრავებენ — ახალი კვლევა

შიმპანზეები ტუჩებს ადამიანის საუბრის მსგავსი რიტმით ამოძრავებენ. ახალი კვლევის მიხედვით, სწორედ ამის საფუძველზე შეიძლება დავადგინოთ, როგორ ჩამოაყალიბეს ჩვენმა წინაპრებმა ენა.

ადამიანის მეტყველების ევოლუცია საიდუმლოებით არის მოცული; ამ საიდუმლოს ამოხსნის რამდენიმე მინიშნება არსებობს პრიმატებში. ბოლო წლებში, ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ადამიანის მეტყველება უფრო სახის რიტმულ გამომეტყველებათა შედეგად ჩამოყალიბდა, ვიდრე პრიმატთა ვოკალიზაციის.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ენაზე ვსაუბრობთ, ცნობილია, რომ ადამიანები ლაპარაკის დროს პირს წამში 2-7-ჯერ აღებენ და გაღება დახურვის თითოეული ციკლი ერთ მარცვალს შეესაბამება.

ადამიანთა მეტყველების უნივერსალური რიტმი, ანუ პირის გაღება-დახურვის სწრაფი ციკლები შემჩნეულია ორანგუტანებისა და მაკაკების ჟესტებშიც. ამჯერად კი ასეთი რიტმები პირველად გამოავლინეს აფრიკულ შიმპანზეებშიც.

მას შემდეგ, რაც ტყვეობასა და ველურ ბუნებაში ბინადარი ოთხი პოპულაციის ჩანაწერები შეადარეს, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ შიმპანზეები ტუჩებს მეტყველების მსგავსი რიტმით, 4 ჰერცზე ამოძრავებენ.

ამ ფაქტს ჩვენი ევოლუციური ისტორიის შესახებ ბევრი არაფრის თქმა შეუძლია, მაგრამ ის, რომ მათი ეს ქცევა ადამიანის მეტყველებას წააგავს, შეიძლება დაგვეხმაროს ევოლუციურ ქრონოლოგიაში დავაკავშიროთ პრიმატების ხმები და ადამიანის მეტყველება.

მაგალითად, შარშან გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადგინა, რომ როდესაც შიმპანზეების 2137 ჟესტი კატეგეორიებად დააჯგუფეს და განსაზღვრეს მათი საშუალო ხანგრძლივობა, ისინი ემორჩილებოდა გარკვეულწილად იმავე საბაზისო მათემატიკურ პრინციპებს, რასაც ადამიანის მეტყველება.

რაც შეეხება ახალ კვლევას, ის გაერთიანებული სამეფოს წმინდა ანდრიას უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი აღმოჩენები მხარს უჭერს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, მეტყველება მომდინარეობს უძველეს პრიმატთა რიტმული სიგნალებიდან.

„თუმცა, ასეთი შესაძლებლობა ჯერ ექსპერიმენტულია და საჭიროა მეტი მონაცემი როგორც ჰომინიდი, ისე არაჰომინიდი პრიმატებისგან“, – ამბობენ მკვლევრები.

მართალია, მაკაკებისა და გიბონების ტუჩების ასეთი მოძრაობა სავარაუდოდ თანდაყოლილი უნარია, მაგრამ არსებობს მტკიცებულება, რომ ორანგუტანები მას შეიძლება სწავლობდნენ.

სწორედ ასე შეიძლება იყოს შიმპანზეების შემთხვევაშიც, რომლებიც ხმებს ძირითადად მაშინ გამოყოფენ, როცა ერთმანეთს ვარცხნიან და სავარაუდოდ, ეს სოციალური ურთიერთკავშირის გაგრძელებისა და სტიმულირების გზაა.

„ჩვენმა ანალიზებმა გამოავლინა სხვაობები ინდივივუალურ შიმპანზეთა ტუჩების მოძრაობის სიხშირეებში. ჯგუფის ზოგიერთი წევრი კი ტუჩებს ან საერთოდ არ ამოძრავებს, ან ძალიან იშვიათად“, — წერენ მკვლევრები.

ჯგუფმა ერთმანეთს შეადარა ედინბურგისა და ლაიფციგის ზოოპარკისა და უგანდაში ბინადარი ველური შიმპანზეების ჩანაწერები. შედეგად აღმოაჩინეს დაახლოებით 2 ჰერციანი სხვაობები ტუჩების მოძრაობებს შორის, რაც მათი თქმით, აქამდე ცნობილი არ იყო.

ამავე დროს, ადამიანის მსგავს მაიმუნებში პირის სწრაფი რიტმები უფრო დიდხანს ნარჩუნდებოდა ერთ სიხშირეში. გამომდინარე აქედან, ავტორები ფიქრობენ, რომ შიმპანზეთა პოპულაციებში ტუჩების მოძრაობის სიხშირე შეიძლება გულისხმობდეს სოციალურ ფაქტორებს და არა კავშირის სტანდარტულ სიგნალებს.

სამწუხაროდ, ამ კვლევაში შეზღუდული იყო სტატისტიკური შედარება ინდივიდუალურ შიმპანზეებს შორის. საკმაოდ ცოტაა ადრე ჩატარებული ამ სახის კვლევებიც.

მიუხედავად ამისა, ტყვეობაში მყოფ და ველურ პოპულაციათა პირის სიგნალებს შორის მკვლევრებმა სისტემატიური განსხვავება ვერ აღმოაჩინეს, რისი მიზეზიც ალბათ არის რიტმების დიაპაზონის არსებითი გადაფარვა სხვადასხვა ჯგუფების ინდივიდებს შორის.

ოთხი პოპულაცია რა თქმა უნდა საკმარისი არ არის და საჭიროა დამატებითი მონაცემების შეგროვება ინდივიდებსა და პოპულაციებს შორის, რათა დადგინდეს, სად იღებს სათავეს მეტყველების მსგავსი ეს რიტმები.

კვლევის გაგრძელებას ჯგუფი პრიმატთა სხვა სახეობებშიც გეგმავს. მათი მიზანია გაარკვიონ, როგორ წარმოიქმნება ადამიანის მსგავსი ეს რიტმები როგორც ინდივიდებში, ისე პოპულაციებში. ამის ცოდნამ კი შეიძლება, ბევრი რამ გვითხრას ჩვენი მეტყველების ევოლუციის შესახებ.

კვლევა ჟურნალ Biology Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.