შესაძლებელია თუ არა ამჟამად მარსზე სიცოცხლის არსებობა
შესაძლებელია თუ არა ამჟამად მარსზე სიცოცხლის არსებობა

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მარსზე სიცოცხლის ძიება მხოლოდ შორეულ წარსულზე არ უნდა ფოკუსირდეს.

ოთხი მილიარდი წლის წინ, მარსის ზედაპირი სიცოცხლისათვის საკმაოდ ხელსაყრელად გამოიყურებოდა, მოედინებოდა მდინარეები, იყო ტბები და ღრმა ოკეანეც კი. ზოგიერთი ასტრობიოლოგის აზრით, მარსი მაშინ უკეთესი აკვანი იყო სიცოცხლისთვის, ვიდრე დედამიწა და უფრო მეტიც, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე სწორედ მარსიდან მოვიდა, წითელ პლანეტას დაცემული ასტეროიდების შედეგად გამოტყორცნილი ქანებით.

ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა მარსმა გლობალური მაგნიტური ველი დაკარგა. იმის გამო, მზისგან მომდინარე დამუხტულმა ნაწილაკებმა მარსს ატმოსფერო გააცალეს. დაახლოებით 3,7 მილიარდი წლის წინ, ამ პროცესმა მარსი ცივ, მშრალ პლანეტად აქცია, როგორიც ის დღეს არის.

თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მარსი დღეს აუცილებლად მკვდარი პლანეტაა.

მკვლევარ მაიკლ ფინის განცხადებით, თუკი მარსზე 4 მილიარდი წლის წინ სიცოცხლე იყო, ის დღესაც იქნება, რადგან იქ არაფერი მომხდარა ისეთი, რაც სიცოცხლეს მოსპობდა.

მისი აზრით, სიცოცხლე გაქრობის ნაცვლად უნდა გადაადგილებულიყო, სადღაც დამალულიყო, მაგრამ უდავოდ უნდა გადარჩენილიყო.

მიწისქვეშ?

ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ადგილი კი მარსის მიწისქვეშეთია. მიუხედავად იმისა, რომ წითელი პლანეტის ზედაპირზე დღეს თხვეადი წყალი აღარ არის, ის დიდი ოდენობით უნდა იყოს ზედაპირქვეშ. მაგალითად, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდი „მარს ექსპრესი“ მიუთითებს, რომ სამხრეთ პოლუსთან მარსის ზედაპირქვეშ არის დიდი თხევადი ტბაც.

დედამიწის ბინადარნი პლანეტაზე მრავალგვარ კვალს ტოვებენ. მოწინავე არამიწიერი ცივილიზაცია ჩვენს არსებობას ალბათ საკმაოდ მალე დაადგენდა და ამისათვის პლანეტის ატმოსფეროს სკანირებაც ეყოფოდა.

ასეთ აშკარა მტკიცებულებებს მარსის აირებში ვერ ვხედავთ, მაგრამ ბოლო დროს მეცნიერებმა რაღაც დამაინტრიგებელი მაინც შენიშნეს. მაგალითად, ნასას მავალმა „კურიოზიტიმ“ 154 კმ სიგანის გეილის კრატერში დააფიქსირა ზედაპირქვეშიდან ამომავალი მეთანის ნაკადები. მავალმა გაარკვია ისიც, რომ გეილის კრატერში მეთანის კონცენტრაციას სეზონური ციკლები ახასიათებს.

დედამიწის ატმოსფეროში არსებული მეთანის 90 პროცენტზე მეტი მიკრობებისა და სხვა ორგანიზმების მიერ არის წარმოქმნილი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ეს აირი მარსზე იქ არსებული ამჟამინდელი სიცოცხლის ხელწერა იყოს.

თუმცა, მკვლევართა დიდი ნაწილი ამას გამორიცხავს, რადგან მეთანის წარმოქმნა აბიოტურ (არაცოცხალ) პროცესებსაც შეუძლია. ამის ერთ-ერთი მაგალითია ცხელი წყლის ურთიერთქმედება გარკვეული ტიპის ქანებთან. გარდა ამისა, თუკი მარსის მეთანი ბიოლოგიური წარმოშობისაა, მისი წარმომქმნელი არსებები შეიძლება დიდი ხნის წინ დაიხოცნენ. წითელ პლანატაზე მეთანი ზედაპირქვეშიდან ამოდის და მკვლევრები ჯერჯერობით ვერ არკვევენ, რამდენი ხნის განმავლობაშია ის მიწისქვეშეთში დაგროვებული ზედაპირზე ამოსვლამდე.

დნმ-ის ძებნა

შემდეგი წლის ზაფხულში გაეშვება ნასას ახალი მავალი „2020“, რომელიც წითელ პლანეტაზე წარსულში არსებული პოტენციური სიცოცხლის ნიშნებზე ინადირებს. დაახლოებით ამავე დროს გაეშვება ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და რუსეთის ერთობლივი მავალიც, რომელიც ასევე სიცოცხლის კვალზე ინადირებს.

თუმცა, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მარსზე ამჟამინდელი სიცოცხლე უნდა ვეძებოთ. ერთ-ერთი მათგანია მოლეკულური ბიოლოგი გარი რუვკუნი.

რუვკუნი არამიწიერი გენომის ძებნის პროექტის (SETG) ერთ-ერთი მთავარი მკვლევარია. ამ პროექტის ფარგლებში მეცნიერები ქმნიან ინსტრუმენტს, რომელსაც მარსზე და სხვა უცხო პლანეტებზე წარსული ან ამჟამინდელი დნმ-ისა და რნმ-ის დაფიქსირება შეეძლება. მისი აზრით, ეს ინსტრუმენტი აუცილებლად უნდა გაატანონ სამომავლო მარსმავლებს.

ასეთი შემთხვევა ძირითადად კონცენტრირდება პანსპერმიაზე — მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც, სიცოცხლე მზის სისტემაში ანდაც მთელ გალაქტიკაში ფართოდ გავრცელდა ბუნებრივი ან ხელოვნური გზებით, ერთი ობიექტიდან მეორეზე. მკვლევართა აზრით, თუ დედამიწაზე სიცოცხლე საიდანღაც მოვიდა, არსებობს შანსი, ის მარსზეც მისულიყო და აყვავებულიყო.

რუვკუნის აზრით პანსპერმია ძალიან სავარაუდო სცენარია. კონფერენციაზე გამოსვლისას, საკუთარ თავს მან ამ თეორიის „რელიგიური ფანატი“ უწოდა. ამის მტკიცებულებად რუვკუნს მოჰყავს ATP სინთაზას ძალიან ადრეული გამოჩენა — ფერმენტი, რომელიც ენერგიის შემნახველ მოლეკულებს წარმოქმნის.

რუვუკუნის თქმით, ეს ფერმენტი დედამიწაზე არსებული სიცოცხლის საფუძველია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კომპლექსური მოლეკულები ჩვენს პლანეტაზე 4 მილიარდი წლის წინაც უნდა არსებულიყო.

თუკი პანსპერმიის თეორია მართებულია, სიცოცხლის ფორმები, რომლებიც შეიძლება მარსზე ან მზის სისტემის ნებისმიერ სხვა სხეულზე ვიპოვოთ, ჩვენი ნათესავები იქნება. მაგალითად, ეს ორგანიზმები თავიანთ გენეტიკურ მოლეკულად დნმ-ს ან რნმ-ს უნდა იყენებდნენ.

არა მხოლოდ მარსი

მარსი მზის სისტემაში ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც შეიძლება, ამჟამად სიცოცხლე ყვაოდეს. უფრო მეტიც, ასტრობიოლოგთა უმეტესობა კანდიდატთა სიაში წითელ პლანეტაზე წინ აყენებს იუპიტერის მთვარე ევროპას და სატურნის თანამგზავრებს — ენცელადსა და ტიტანს.

ყინულოვანი საფარის ქვეშ, ევროპასა და ენცელადზე მლაშე წყლის გლობალური ღრმა ოკეანეებია. მიჩნეულია, რომ წყლის ზედაპირქვეშა ოკეანე არის ტიტანზეც, თუმცა მის ზედაპირზე გადაჭიმულია თხევად ნახშირწყალბადთა ტბები და ზღვები.

მიუხედავად იმისა, რომ ვენერაზე უსასტიკესი გარემოა, მეცნიერთა ვარაუდით, სიცოცხლის გარკვეული ფორმები შესაძლოა, ამ პლანეტის ატმოსფეროშიც არსებობდეს.

მარსის მსგავსად, ერთ დროს ვენერას ზედაპირზეც იყო საკმაოდ ბევრი წყალი. მაგრამ სათბურის ეფექტმა ეს პლანეტა თანდათანობით ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია. მეცნიერთა აზრით, ვენერას ზედაპირიდან 50 კმ სიმაღლეზე გარემო სულაც აღარაა ასე მკაცრი.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.