შეკვეთილში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილე კლინიკიდან გაეწერა
ფოთის ჰოსპიტალიდან შეკვეთილში მიმდინარე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილე ხათუნა ბერიძე გაეწერა.
კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ხათუნა ბერიძე კვლავ აქციის მონაწილეებს შეუერთდა.
„კლინიკაში გამოკვლევები ჩამიტარდა. ექიმებმა შიმშილობის შეწყვეტა მირჩიეს, მაგრამ მე ისევ აქ ვარ, დავბრუნდი ჩემს მეგობრებთან. თუ კიდევ ცუდად გავხდი, ამ აქციაში მონაწილეობას ვერ გავაგრძელებ,“ – განაცხადა ხათუნა ბერიძემ.
შეკვეთილში, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულ აქციაზე ერთ-ერთი მოშიმშილე აქტივისტი დღეს შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა.
შეკვეთილში სამი პირი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მეთერთმეტე დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან კარვები აქვთ გაშლილი.