„ურეკი რეზიდენსის“ წარმომადგენელი - ოპოზიციის ნათქვამი, თითქოს ბიძინა ივანიშვილის სახლთან დაჯავშნილი მინები მიიტანეს, ტყუილია, ეს მინა აკვარიუმისთვის გამოიყენება
„ურეკი რეზიდენსის“ წარმომადგენელი - ოპოზიციის ნათქვამი, თითქოს ბიძინა ივანიშვილის სახლთან დაჯავშნილი მინები მიიტანეს, ტყუილია, ეს მინა აკვარიუმისთვის გამოიყენება

აკრილის მინა აკვარიუმის ასაშენებლად გამოიყენება და იგი ჯავშნისთვის არ გამოდგება, – ამის შესახებ „ურეკი რეზიდენსის“ კომენდანტმა, ავთანდილ რობაქიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ტყვიაგაუმტარი მინების ახალი პარტია მიიტანეს.

„ეს არის აკრილის მინა. იგი გამოიყენება აკვარიუმის ასაშენებლად. როცა სასტუმრო „პარაგრაფში“ ვაკეთებდით აკვარიუმს, მოგვაწოდეს ცუდი გამჭვირვალობის აკრილი. ჩვენ ეს გავაპროტესტეთ და მომწოდებელმა მოგვაწოდა კარგი ხარისხის, გამჭვირვალე აკრილი. ძველის დემონტაჟი განვახორციელეთ, მანამდე ეწყო „პარაგრაფში“, მაგრამ რადგან იქ ადგილი არ იყო, მოვიტანეთ და აქ დავაწყვეთ მესამე წელია. სულ არის 29 კვადრატული მეტრი, მეორადი აკრილი და იგი ჯავშნისთვის არ გამოდგება. უბრალოდ სირცხვილია ამის თქმა. ოპოზიციის ნათქვამი, თითქოს დაჯავშნილია და უსაფრთხოების ზომებისთვისაა განკუთვნილი, არის ტყუილი“, – განაცხადა „ურეკი რეზიდენსის“ კომენდანტმა, ავთანდილ რობაქიძემ.

შეკვეთილში, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გრძელდება. ოპოზიციის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სახლის მიმდებარედ დაჯავშნილი მინები არის დასაწყობებული, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილის რეზიდენციაში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება იგეგმება.