შეკვეთილში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

შეკვეთილში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მე-20 დღეა იკრიბებიან. ასევე ტერიტორიაზე რამდენიმე მოშიმშილეს გაშლილი აქვთ კარავი.

„ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, გიორგი გახარიამ თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. ხელისუფლებამ ახალგაზრდებს სერიოზული ზარალი მიაყენა და ვიდრე ქვეყანაში წესრიგი არ დამყარდება, შეკვეთილში კარვები იქნება გაშლილი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბონდო თედორაძემ.

​შეკვეთილში საპროტესტო აქციაზე დღეს აჭარის, გურიისა და ფოთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

ამასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სასტუმრო „პარაგრაფისკენ“ დაიძრნენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი აღნიშნულ ადგილზე თავიანთ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.

„შეიგნოს რუსმა ოლიგარქმა, რომ საქართველოში არ გაუვა გავრილოვების ბოგინი, საქართველოში არ იფრიალებს რუსული დროშა და ამ ქვეყანაზე დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, მამუკა კომახიძემ.