შეკვეთილში „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს
შეკვეთილში „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები სანაპიროს მხრიდან საყვირებითა და ტრანსპარანტებით მივიდნენ და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა, ასევე ხელისუფლების შეცვლა მოითხოვეს.

„40 დღეა, ვაწარმოებთ ამ აქციას. სანაპირო ზოლით ვსარგებლობდით, რომელიც დღეს დაგვხვდა დაკეტილი. აგვიკრძალეს იმ გზით გადაადგილება, რომლითაც აქამდე ვსარგებლობდით. ჩვენი შეჩერება შეუძლებელია, კანონის ფარგლებში ვიმოქმედეთ და მოვედით ამ ადგილამდე. ნურავის ექნება ილუზია იმისა, რომ ჩვენ შევჩერდებით“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბონდო თედორაძემ.

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.