შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში შვიდი მოწმე დაიკითხება
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე შვიდი მოწმე დაიკითხება. საქმის ერთი-ერთი პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, ამ მოწმეებთან ერთად მოხდება ვიდეომტკიცებულებების დათვალიერება.
მოწმეები არიან იუბილეზე მყოფი პირები, ასევე ის ადამიანებიც, რომლებმაც საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პირები თბილისში წაიყვანეს.
სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, პროცესის გადადებას მოითხოვენ. ადვოკატების, ვასილ მამულაშვილისა და გიორგი გელხაურის განცხადებით, კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატს, რომელთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ.
სწორედ ამიტომ, სასამართლომ მოითხოვა ტესტირების პასუხების წარდგენა. თუმცა, როგორც ადვოკატები აცხადებენ, იმის გამო, რომ ტესტირებაზე რიგებია, ამ დრომდე ვერ შეძლეს გამოკვლევა და პასუხების წარდგენა.
რაც შეეხება სხდომის დისტანციურ რეჟიმში ჩატარებას, ადვოკატების თქმით, ისინი ამას არ დათანხმდებიან, რადგან ასეთ რეჟიმში დაცვის უფლების სრულყოფილად განხორციელებასა და მოწმეების გამოკითხვას ვერ ახერხებენ.