მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები 7 ნოემბრის საქმეზე ნინო ბურჯანაძისა და ზაზა გოგავას ხელახლა დაკითხვას მოითხოვენ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლოში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის, ზაზა გოგავას ხელახლა დაკითხვას მოითხოვენ. როგორც ბასილაიამ განაცხადა, მოწმეების ხელახლა დაკითხვის შუამდგომლობას მომდევნო სხდომაზე დააყენებენ.
„როდესაც ვაყენებდით მოწმეთა ხელახლა დაკითხვის მოთხოვნას, ერთი და იგივე შუამდგომლობა ორჯერ რომ არ გაჟღერდეს, მომდევნო პროცესზე ვიმსჯელებთ ამაზე. მოწმეები, ვისი დაკითხვაც გვინდა, იქნებიან მხოლოდ ისინი, ვინც ახსენებდა მიხეილ სააკაშვილს. მაგალითად ნინო ბურჯანაძე და ზაზა გოგავა. როდესაც ადამიანი არ ესწრება განხილვას, მაგრამ შემდეგ ახერხებს დაესწროს, მას აქვს უფლება, მოითხოვოს ხელახლა დაკითხვა ისეთების, რომლებიც მის გარეშე დაიკითხნენ“,- განაცხადა ბასილაიამ.
რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე დღეს ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს. საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, დღეს გამოკვლეული არც ერთი ვიდეო სააკაშვილის ბრალეულობაზე არ მიუთითებს.
„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა 7 ნოემბერთან დაკავშირებით კადრები. ვნახეთ, რომ საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით იყო გაფრთხილება. ვნახეთ, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე საკმაო დრო მიეცათ მომიტინგეებს, რომ პოლიციის მოთხოვნა შეესრულებინათ. მოქალაქეთა რაოდენობა ნამდვილად არ იყო ისეთი, რომ გზის გადაკეტვა მომხდარიყო. ჩვენ ვნახეთ, რომ გაზის მხუთავი აირით დაზიანებული მოქალაქეები პარლამენტში შეჰყავდათ და მათ უწევდნენ სამედიცინო დახმარებას. ვნახეთ მძიმე კადრები, როდესაც პოლიციას და მოქალაქეებს შორის იყო შეტაკება, მაგრამ ამას ჰქონდა ერთეული ინციდენტების სახე, არ ყოფილა პერმანენტული. მოქალაქეების მხრიდან ხდებოდა ასევე ქვების დაშენა და ა.შ.
განსხვავებით 20 ივნისისგან, როცა თვალები დათხარეს ხალხს. ჩვენ ვნახეთ, რომ რეზინის ტყვიები არ ყოფილა გამოყენებული. განსხვავებით 20 ივნისისგან, როცა ვნახეთ რომ ხალხს ბოლომდე სდიეს ყველგან და სასტიკად გაუსწორდნენ. დღევანდელი კადრების გამოკვლევისას, ვინც ფიგურირებს ამ კადრებში, პოლიციელი, ვისზეც კითხვებია, იყო თუ არა პროპორციული მათი ქმედება, ერთი ადამიანიც არ არის დაკითხული.
ეს ვიდეო მეტყველებს, რომ ამ საქმეში არის პოლიტიკური ინტერესი. ამ ვიდეოებში, მიაქცევდით ყურადღებას, პროკურატურა კადრებიდან კადრებზე ხტებოდა. არ გაუშვა სრულად. მათ მიერვე მოწმედ მოყვანილმა ნოღაიდელმა, რომელიც იყო პრემიერი და ამბობდა, რომ ეს ღონისძიებები იყო კანონიერი, მოვიდა სასამართლოში და სხვანაირად დაიწყო ლაპარაკი“,- განაცხადა ბასილაიამ.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ მიერ გაცემული დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაერთო. რაც შეეხება საჯარო განცხადებებს, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მიხეილ სააკაშვილზე, ის მოსამართლეთა კოლეგიამ მტკიცებულების სახით არ დაურთო საქმეს და როგორც ცნობა, ისე მიიღო. საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო სახალხო დამცველის დასკვნაც.
შემდეგი სასამართლო სხდომა 24 იანვარს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.