როლან გაროსზე კაცების მეოთხედფინალში, რომელშიც “გრუნტის მეფე” რაფაელ ნადალი არგენტინელ დიეგო შვარცმანს ხვდებოდა, მოვლენები სენსაციურად განვითარდა.
ყველას ეგონა, რომ ესპანელს იოლი გასეირნება ელოდა, მაგრამ ნადალს კატასტროფულად არ მისდიოდა თამაში საკუთარ მოწოდებაზე.
პირველი მოწოდებით 50 პროცენტი აღებული ქულები, მეორე მოწოდებით – 46 პროცენტი. ჩოგბურთელებმა არასრული ორი სეტი ითამაშეს და წვიმის გამო, შეხვედრა მეორე დღისთვის გადაიდო. ამ ორ სეტში ნადალს მხოლოდ რვა “ვინერსი” და 23 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. ასევე გიჟური ციფრები ჰქონდა შვარცმანს – 29 “ვინერსი” და 39 უნებლიე შეცდომა.
ჩოგბურთელებმა 5-5 ბრეიკის შესრულება შეძლეს. პირველი სეტი შვარცმანმა მოიგო – 6:4, მეორეში კი ნადალი 5:3-სა და 30:15-ს იგებს.
არგენტინელმა როლან გაროსზე ნადალის შთამბეჭდავი სერია შეწყვიტა – 38 მოგებული სეტი ზედიზედ. ამით შვარცმანმა გადაარჩინა ლეგენდარული შვედის, ბიორნ ბორგის რეკორდი – საფრანგეთის ღიაზე ზედიზედ მოგებული 41 პარტია (1979-81 წლები). ბოლოს ნადალს როლან გაროსზე სეტი 2015 წელს ჰქონდა წაგებული.
ნადალისა და შვარცმანის შეხვედრა დღეს, 14:00 საათზე განახლდება. ასევე გაგრძელდება კიდევ ერთი მეოთხედფინალი, რომელშიც მარინ ჩილიჩი და ხუან მარტინ დელ პოტრო იბრძვიან. იქ აბსოლუტური თანაფარდობაა – 6:6 და 5:5 ტაი-ბრეიკზე.