ცინცინატის „მასტერსზე“ ჯოკოვიჩთან და ნადალთან ერთად ბასილაშვილიც ითამაშებს
ცინცინატის „მასტერსზე“ ჯოკოვიჩთან და ნადალთან ერთად ბასილაშვილიც ითამაშებს

ცინცინატის „მასტერსის“ ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ ტურნირი დათქმულ ვადებში გაიმართება – 20-28 აგვისტოს ნიუ იორკში. ასევე გამოაქვეყნეს მონაწილეთა სია.

ტურნირზე თამაშს აპირებს მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც 23-ე ნომრად იქნება განთესილი. შარშან, ცინცინატიში ბასილაშვილმა პირველივე რაუნდში სამ სეტში წააგო რუს ანდრეი რუბლიოვთან, რომელმაც შემდეგ შვეიცარიელები სტენ ვავრინკა და როჯერ ფედერერი დაამარცხა და მეოთხედფინალამდე მიაღწია.

ცინცინატიში პირველ რვა ნომრად განთესილები იქნებიან: ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი), რაფაელ ნადალი (ესპანეთი), დომინიკ ტიმი (ავსტრია), მოქმედი ჩემპიონი დანიილ მედვედევი (რუსეთი), სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი), ალექსანდრ ზვერევი (გერმანია), მატეო ბერეტინი (იტალია) და შარშანდელი ფინალისტი დავიდ გოფენი (ბელგია).

ქალთა ბადის ლიდერები არიან: კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი), სოფია კენინი (აშშ), კიკი ბერტენსი (ნიდერლანდები), ბელინდა ბენჩიჩი (შვეიცარია), სერენა უილიამსი (აშშ), არინა საბალენკა (ბელარუსი), პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) და მოქმედი ჩემპიონი მედისონ კისი (აშშ).

ცინცინატის „მასტერსის“ დასრულებიდან სამი დღის თავზე აშშ-ის ღია პირველობა დაიწყება.