ბაზრობა “თერგის” მოვაჭრეები ადმინისტრაციასთან შეხვედრას და ახსნა-განმარტებების მიღებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მერიასთან გზის გადაკეტვას აპირებენ.
ისინი ამბობენ, რომ გუშინ გვიან ღამის შემდეგ ადგილზე არიან და ამ დრომდე, ინფორმაცია არავისგან არ მიუღიათ. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე მოვაჭრეები ვერ საუბრობენ. მათ არ აქვთ ინფორმაცია, თუმცა ამბობენ, რომ ელექტროსადენები ახალი გამოცვლილი იყო და ყოველ ღამე სამსახურის დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის გათიშვა ხდებოდა.
სავაჭრო ცენტრ “თერგთან” იმყოფება ოცი სამაშველო ბრიგადა, ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, დარჩენილია რამდენიმე კერა. ამ დრომდე შეინიშნება დაკვამლიანებაც.
ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი დაახლოებით ღამის 00:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი.
გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართობი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.