საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის თქმით, ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სახიფათო ისლამისტი იყო
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, სალმანმა აშშ-ის მაღალჩინოსნებს უთხრა, რომ ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სახიფათო ისლამისტი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის მედიასაშუალებები ავრცელებენ.
პრინცი სალმანი სავარაუდოდ, დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერსა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, ჯონ ბოლტონს ესაუბრა და უთხრა, რომ ჯამალ ხაშოგი „მუსლიმთა საძმოს“ წევრი იყო, რომელიც ტრანსნაციონალური მუსლიმური ორგანიზაციაა.
სატელეფონო საუბარი საუდის არაბეთის მიერ ხაშოგის მკვლელობის ოფიციალურ აღიარებამდე, 9 ოქტომბერს გაიმართა. მედია წერს, რომ სალმანმა აშშ-ის საუდის არაბეთთან ალიანსის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
ჟურნალისტი, ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს, სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. თურქეთის პროკურატურის ინფორმაციით, ჟურნალისტი საკონსულოში შესვლის შემდეგ გაგუდეს, ხოლო, მისი ცხედარი დაანაწევრეს და გაანადგურეს.