საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით კონკურსები გამოცხადდა
საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით კონკურსები გამოცხადდა

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით, დღეს 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 637 საარჩევნო უბნისთვის საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით,  ჯამში, კონკურსები 21 822 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადდა.

მისი თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული პარტიის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და აკრედიტებულ მედიასაშუალებებს. ამასთან, სხდომის მიმდინარეობაში ჩარევისა და კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის გარეშე, უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღება,.

„კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის ექვს წევრს კონკურსის წესით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, არანაკლებ შვიდი ხმით, ირჩევს ზემდგომი, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 12 წევრი სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე. საუბნო საარჩევნო კომისიები საქმიანობას იწყებენ არჩევნების დღემდე ერთი თვით ადრე, უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით“, – განაცხადა მიქელაძემ.

მისი თქმით, კონკურსის წესის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ საკანონმდებლო მოთხოვნებს, შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 29 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით. მათ ოლქის ელექტრონულ საფოსტო მისამართზე ან პირადად საოლქო საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ საკონკურსო განაცხადი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

ანა მიქელაძის განმარტებით, დეტალური ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და პირობების შესახებ, ასევე განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში; ხოლო კონკურსის შესახებ ინფორმაცია და საკონკურსო განაცხადის ელექტრონული სარეკომენდაციო ფორმა ცესკოს ვებგვერდზე განთავსდება.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია, წარმატებული და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული არჩევნების ხელშესაწყობად, მიმართავს იმ პირებს, ვისაც აქვს მნიშვნელოვანი საარჩევნო გამოცდილება ან/და გავლილი აქვს საარჩევნო საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამები, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში“, – განაცხადა ბრიფინგის დასასრულს ცესკო-ს პრესსპიკერმა.

ამასთან, ცესკო მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, პოლიტიკურ პარტიებს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცესს დააკვირდნენ.