არჩილ თალაკვაძე - დღეს პრიორიტეტია ცესკო-ს დაკომპლექტებისას უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის რაც შეიძლება ფართო კონსენსუსი, „გირჩმა“ გამოხატა პოზიცია, რომ კონსენსუსის ნაწილი გახდება
არჩილ თალაკვაძე - დღეს პრიორიტეტია ცესკო-ს დაკომპლექტებისას უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის რაც შეიძლება ფართო კონსენსუსი, „გირჩმა“ გამოხატა პოზიცია, რომ კონსენსუსის ნაწილი გახდება

ქალთა კვოტირების პრინციპი როდესაც მივიღეთ, მაშინვე ითქვა, რომ ეს დროებითი ზომა იყო. მიუხედავად იმისა, რომ კვოტირების გაუქმებაზე ცვლილება მხარდაჭერილი იქნება, ნებისმიერ პარტიას აქვს თავისუფლება, პარტიული სია მეტი ქალით დააკომპლექტოს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ამასთან, თალაკვაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ მომავალ საპარლამენტო სიაშიც პარტიას ეყოლება ქალთა მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის მხარდაჭერა ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის, მათი მონაწილეობის მიმართ არ შესუსტდება. პირიქით, მომავალში ეს მხარდაჭერა გაიზრდება. რაც შეეხება ოპოზიციის ამ ინიციატივას, მინდა, რამდენიმე არგუმენტი ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას. ქალთა კვოტირების პრინციპი როდესაც მივიღეთ, მაშინვე ითქვა, რომ ეს დროებითი ზომა იყო. დროებითი ნიშნავს, რომ მისი საჭიროება რაღაც დროში ამოიწურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება მხარდაჭერილი და მიღებული იქნება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს სრული თავისუფლება, თავისი პარტიული სია მეტი ქალით დააკომპლექტოს, თუ მათ ასეთი სურვილი აქვთ. „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ მომავალ საპარლამენტო სიაშიც პარტიას ეყოლება ქალთა მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა და ქალები მომდევნო პარტიულ სიაშიც ძლიერად იქნებიან წარმოდგენილები“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამავდროულად, თალაკვაძის თქმით, არჩევნების მაღალი სანდოობით და გამჭვირვალედ ჩასატარებლად საჭიროა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. თალაკვაძის განმარტებით, „გირჩმა“ უკვე გამოხატა პოზიცია, რომ ცესკო-ს დაკომპლექტების მომენტში კონსენსუსის ნაწილი გახდება და „ქართული ოცნებისთვის“ ესაა დღეს პრიორიტეტი.

„„ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ძალიან ძლიერი და წარმატებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით ბევრ წარმატებულ ქალს, ვინც პოლიტიკაში ჩართულია. მათი ხმა დღეს უფრო ძლიერად ისმის და მათი მონაწილეობა დღეს არის არსებითად უფრო მაღალი, ვიდრე წარსულში იყო. ჩვენთვის ეს ცვლილება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციას ეს ინიციატივა დავუბლოკოთ. გარდა ამისა, იცით, რომ არჩევნების ნეიტრალურად, მაღალი სანდოობით და გამჭვირვალედ ჩასატარებლად საჭიროა, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შედგეს შეთანხმება ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. უპირველესი პრიორიტეტი დღეს არის, რომ ცესკო-ს დაკომპლექტების მომენტში რაც შეიძლება ფართო კონსენსუსი იყოს, ხოლო „გირჩმა“ უკვე გამოხატა პოზიცია, რომ ამ კონსენსუსის ნაწილი გახდება. ესაა გულწრფელად ის არგუმენტები, რითაც იხელმძღვანელებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი პარლამენტში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობა ეთანხმება გენდერულ კვოტირებაზე „გირჩის“ ინიციატივას და სანაცვლოდ ელოდება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხს „გირჩი“ პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის არ გამოიყენებს. მანამდე „გირჩში“ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას თუ დაუჭერს მხარს, „გირჩი“ „ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილ ნორმალურ კანდიდატს, მათ შორის კალანდარიშვილს, მხარს დაუჭერს“.