უმრავლესობა ეთანხმება კვოტირებაზე „გირჩის“ ინიციატივას და ელოდება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხს „გირჩი“ პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის არ გამოიყენებს
უმრავლესობა ეთანხმება კვოტირებაზე „გირჩის“ ინიციატივას და ელოდება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხს „გირჩი“ პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის არ გამოიყენებს

უმრავლესობა ეთანხმება გენდერულ კვოტირებაზე „გირჩის“ ინიციატივას და სანაცვლოდ ელოდება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხს „გირჩი“ პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის არ გამოიყენებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„„გირჩის“ ინიციატივასთან დაკავშირებით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უმრავლესობის ლიდერსა და იაგო ხვიჩიას შორის შედგა კომუნიკაცია. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით პრინციპს ეთანხმება უმრავლესობა. ასევე, ეთანხმება დაჩქარებულ წესსაც. ფრაქციისა და უმრავლესობის პოზიცია ასეთია. სამაგიეროდ, „გირჩის“ მხრიდან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან მიმართებაში, ისინი იქნებიან მის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე ორიენტირებული. მათი მხრიდან ეს საკითხი არ იქნება გამოყენებული გარკვეული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

მანამდე „გირჩში“ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას თუ დაუჭერს მხარს, „გირჩი“ „ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილ ნორმალურ კანდიდატს, მათ შორის, კალანდარიშვილს, მხარს დაუჭერს.

„გირჩის“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.