ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ასარჩევად კენჭისყრა პარლამენტში მომდევნო სასესიო კვირაში გაიმართება
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ასარჩევად კენჭისყრა პარლამენტში მომდევნო სასესიო კვირაში გაიმართება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას არჩევისათვის საჭირო ხმები ვერ მოაგროვეს, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მათ პარლამენტის 91 წევრის მხარდაჭერა აქვთ.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, კენჭისყრა ორ კვირაში ისევ ჩატარდება და გიორგი კალანდარიშვილს – ცესკო-ს თავმჯდომარედ, მაია ზარიძეს, გიორგი შარაბიძესა და გია ცაცაშვილს ცესკო-ს წევრებად აირჩევენ.

დღევანდელ სხდომაზე კი ხმები ასე განაწილდა: გიორგი კალანდარიშვილი 85 მომხრე, 13 წინააღმდეგი; მაია ზარიძე – 82 მომხრე, 0 წინააღმდეგი; გიორგი შარაბიძე – 82 მომხრე, 0 წინააღმდეგი; გია ცაცაშვილი – 81, მომხრე, 0 წინააღმდეგი. განმეორებითი კენჭისყრა მომდევნო სასესიო კვირაში გაიმართება.

„პირველ ჯერზე არჩევისთვის საჭირო არის 90 ხმა, იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმას ვერ დააგროვებს, უკვე შემდეგ სესიაზე უბრალო უმრავლესობით არის შესაძლებელი არჩევა. ჯამში, 91 მანდატი მხარს უჭერს ამ კანდიდატებს, თუმცა ტექნიკურად, ვინაიდან უმრავლესობის წევრი რამდენიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ არის, დღეს 90 ხმას ვერ მოაგროვებენ, მიუხედავად იმისა, რომ 91 მანდატის მხარდაჭერა აქვთ. ამიტომ ორ კვირაში გვექნება მხარდაჭერა. ამ კანდიდატებს აქვთ 91 პარლამენტის წევრის, პოლიტიკური ჯგუფებიდან გამომდინარე, მხარდაჭერა. ეს მინდოდა, დაფიქსირებულიყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.