გიორგი კალანდარიშვილი - უზრუნველვყოფთ საარჩევნო პროცესში კანონმდებლობის ზედმიწევნით აღსრულებას, მათ შორის უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებას ყველა ეტაპზე
გიორგი კალანდარიშვილი - უზრუნველვყოფთ საარჩევნო პროცესში კანონმდებლობის ზედმიწევნით აღსრულებას, მათ შორის უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებას ყველა ეტაპზე

ჩვენი ინსტიტუცია, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, საარჩევნო პროცესში კანონმდებლობის ზედმიწევნით აღსრულებას უზრუნველვყოფთ, მათ შორის უცხოეთში მყოფი თანამემამულეების ინფორმირებას, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

კალანდარიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რა პროცედურები და საფუძვლები აქვს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას.

„არჩევნების დანიშვნის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აწვდის ინფორმაციას ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებიან. ეს შემდეგ საფუძველი ხდება ცესკო-სთვის, შექმნას საარჩევნო უბნები შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში – ეს არის საელჩო და საკონსულო. ამომრჩევლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ, ამის შესაძლებლობა აქვთ. ამის მიღმაც, მას შემდეგ, რაც კონკრეტულ ლოკაციებზე შეიქმნება საარჩევნო უბნები, ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შექმნილ კომისიებს და მოითხოვონ საარჩევნო რეგისტრაცია. ამის შემდეგაც ასევე ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არის სტანდარტი და პრაქტიკა, რომელიც არათუ ევროპული ქვეყნების, არამედ მსოფლიო მასშტაბით არსებობს. ეს სტანდარტი ითვალისწინებს საკონსულო დაწესებულებებში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საარჩევნო უბნების შექმნას. შესაბამისად, ჩვენი ინსტიტუცია, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, უზრუნველვყოფთ კანონმდებლობის ზედმიწევნით აღსრულებას, მათ შორის, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების ინფორმირებას. ინფორმირების პროცესი დაწყებულია. ყველა შესაბამის ეტაპზე იქნება ინფორმაცია მიწოდებული.

კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რომ ამომრჩევლებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე არ არიან, შეუძლიათ, საარჩევნო უბნების შექმნა მოითხოვონ. კანონმდებლობა ითვალისწინებს, თეთრზე შავით, მარტივ მოცემულობას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ საარჩევნო უბნების გასახსნელად საკონსულო აღრიცხვაზე უნდა იმყოფებოდეს არანაკლებ 50 და არაუმეტეს სამი ათასი ამომრჩეველი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.