მზის სისტემის სხვა მრავალი სხეულისგან განსხვავებით, სატურნის გიგანტური თანამგზავრი ტიტანი მრავალმხრივ ჰგავს დედამიწას.
უფრო მეტიც, ტიტანი ერთადერთი მთვარეა მზის სისტემაში, რომელსაც მკვრივი ატმოსფერო აქვს და წარმოქმნის კვაზი-დედამიწის მსგავს ამინდის მრავალ ფენომენს, მაგალითად, მეთანის წვიმას, რომელიც მდინარეებსა და ტბებს კვებავს.
მიუხედავად იმისა, რომ ტიტანის ლანდშაფტის დიდი ნაწილი სულ არ ჰგავს დედამიწისას, ამ ყინულოვანი მთვარის სხვა ასპექტები არც ისე განსხვავებულია, მაგალითად, აზიდული ქვიშის დიუნები, რომელთა არსებობას გარკვეულწილად იდუმალებით იყო მოცული.
დედამიწაზე, ქვიშის დიუნების წარმომქმნელი სედიმენტები არაორგანული სილიკატებისგან შედგება, მაგრამ ტიტანის ქიმიური შემადგენლობა უფრო განსხვავებულია.
„მიჩნეულია, რომ სატურნის ამ მთვარეზე სედიმენტები დიდწილად მექანიკურად სუსტი ორგანული მარცვლებისგან შედგება და მიდრეკილია მტვრად სწრაფი აბრაზიისკენ“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც სტენფორდის უნივერსიტეტის პლანეტური გეოლოგი მეთიუ ლაპოტრი ხელმძღვანელობდა.
სწრაფი აბრაზია იმას ნიშნავს, რომ საკმარისი დროის განმავლობაში, ტიტანის დიუნებში ქვიშის მარცვლები სულ უფრო და უფრო წმინდა გახდება, ვიდრე საბოლოოდ მტვრად არ გადაიქცევა.
თანდათანობით, ეს მსუბუქი მტვერი იმდენად გაწვრილდება, რომ ატმოსფეროში ავა და შეუძლებელი გახდება მისგან გიგანტური დიუნების მსგავსი შეკრული სტრუქტურების წარმოქმნა, რაც უფრო დიდ, უხეშ ნაწილაკებს მოითხოვს.
„როდესაც ქარს მარცვლები გადააქვს, ისინი ერთმანეთს და ზედაპირს ეჯახება და დროთა განმავლობაში, ეს შეჯახებები მარცვლების ზომას ამცირებს“, — განმარტავს ლაპოტრი.
თუმცა, იმის გამო, რომ ტიტანზე ქვიშის უზარმაზარი დიუნები არსებობს, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამ მთვარეზე არსებობს მათი ზრდის რაღაც უცნობი მექანიზმი, რასაც მარცვლების გაძლიერება და აბრაზიულ ძალებთან შეწინააღმდეგება შეუძლია.
რაც არ უნდა იყოს ეს ძალა, ის იქ ძალიან დიდი ხნის წინ უნდა გაჩენილიყო.
„ტიტანის ეკვატორული დიუნები სავარაუდოდ უკვე ათობით და ასობით ათასი წელია, რაც აქტიურია. გეოლოგიურ დროის მასშტაბებში ტიტანის დიუნების შენარჩუნება მოითხოვს მექანიზმს, რომელიც ეკვატორულ განედებზე ქვიშის ზომის ნაწილაკებს წარმოქმნის“, — წერენ მკვლევრები.
ახალ კვლევაში მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს, რა შეიძლება იყოს ეს იდუმალი მექანიზმი და მათი შთაგონების წყარო გახდა ოოიდები — პატარა, მომრგვალებული, დანალექოვანი მარცვლები, რომლებიც დედამიწაზე ზღვის ფსკერზე გვხვდება.
ქვიშის სხვა მრავალი ფორმისგან განსხვავებით, ოოიდები აკრეციული წარმონაქმნებია, რომლებიც უფრო პატარა ნაწილაკებისგან იქმნება, ზღვის გარემოში, ქიმიური დალექვის მეშვეობით.
მკვლევართა მოდელირების მიხედვით, ასეთივე მექანიზმმა შეიძლება ახსნას ტიტანზე ორგანული დანალექების არსებობა, რაც ნაწილაკებს შერწყმულ გროვებად შეჯგუფების საშუალებას აძლევს, ეწინააღმდეგება აბრაზიის გამუდმებულ ძალას და ნაწილაკებს ზომის წონასწორობას უნარჩუნებს.
„ის ადვილად იძლევა ეკვატორულ განედებზე მტვრის აქტიური დიუნების წარმოქმნის საშუალებას, გარკვეული ოდენობის მტვრის წარმოქმნასთან ერთად, მაგრამ მხოლოდ მტვრის უმნიშვნელო რაოდენობა გადაიქცევა დროთა განმავლობაში ქვიშის მარცვლებად“, — ამბობენ მკვლევრები და შენიშნავენ, რომ მათი გათვლები ასევე ითვალისწინებს სხვა სახის ქვიშაქვის წარმონაქმნთა არსებობას ტიტანის ვაკეებზე და მის პოლუსებთან.
მკვლევართა განცხადებით, ტიტანზე, დედამიწის და სავარაუდოდ, მარსის მსგავსად, არსებობს დალექვის აქტიური ციკლი, რომელსაც შეუძლია ახსნას ლანდშაფტის განედობრივი გადანაწილება ეპიზოდური აბრაზიებისა და სეზონებით გამოწვეული შედედების მეშვეობით.
მართალია, მკვლევართა ჯგუფი აცნობიერებს, რომ მათი ახსნა ტიტანის დანალექების აქტიური ციკლის შესახებ ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზაა და სხვა სცენარების ბოლომდე გამორიცხვაც არ შეიძლება, ისინი მაინც დარწმუნებული არიან, რომ ის სრულიად ემთხვევა იმას, რასაც ამ უცნაურად ნაცნობ მთვარეზე ვხედავთ, როგორც ერთხელ მას უწოდეს, „დედამიწის შეშლილ ვერსიაზე“.
„შევძელით ამოგვეხსნა პარადოქსი იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება იყოს ტიტანზე ქვიშის დიუნები ამდენ ხანს იმ შემთხვევაშიც კი, რომ მასალები იქ ძლიერ სუსტია. მომაჯადოებელია იმაზე ფიქრი, რომ ასე შორს არსებობს ალტერნატიული პლანეტა, სადაც ყველაფერი ასე განსხვავებული, მაგრამ მაინც ასე ნაცნობია“, — ამბობს კვლევის ავტორი, სტენფორდის უნივერსიტეტის პლანეტური გეოლოგი მეთიუ ლაპოტრი.
კვლევა Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.stanford.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.