ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადმინისტრაცია 13:00 საათისთვის განცხადებას გააკეთებს
ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადმინისტრაცია 13:00 საათისთვის განცხადებას გააკეთებს, – ამის შესახებ სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა ალპერ პინარმა განაცხადა.
მისი თქმით, სასტუმროს მხრიდან სახანძრო უსაფრთხოების ზომები დაცულია.
„სახანძრო უსაფრთხოების ზომები სასტუმროს მხრიდან მართლაც დაცულია. ტექნიკური დეპარტამენტისა და დაცვის დეპარტამენტის პერსონალი 24 საათის განმავლობაში სასტუმროში იმყოფება. ამ დროისათვის სასტუმროში 300-მდე დამსვენებელი იმყოფება და 400-მდე პერსონალია. ოფიციალურ განცხადებას პირველ საათზე მოგახსენებთ“, – განაცხადა ალპერტ პინარმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს.
როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა, მუშაობის შეწყვეტის მიუხედავად, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ პერსონალი ხელფასს მიიღებს.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასულ წელს ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.