სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ამნისტიის თაობაზე ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ამნისტიის თაობაზე ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ამნისტიის თაობაზე ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

მთავრობის მიერ მომზადებულ ინიციატივაში აღნიშნულია, რომ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 180-ე მუხლით (თაღლითობა) ან 362-ე მუხლით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (გარდა მოხელის მიერ, ასევე, სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენისა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. კანონპროექტში ნათქვამია, რომ ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანს.

სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება კი უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (შემდგომში – მიწის ნაკვეთი) ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მიწის ნაკვეთის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის გზით. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ღირებულება განისაზღვრება ექსპერტიზის დასკვნით, დანაშაულის ჩადენის დროისთვის არსებული მდგომარეობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შეტანა კი უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს მიწის ნაკვეთის დარჩენილ ნაწილზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით და მიწის ნაკვეთის გასხვისებული ნაწილის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის გზით.

რაც შეეხება პროცედურას, კანონპროექტით, პირმა, მიწის ნაკვეთის ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით, შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

პროცედურით, პირმა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ან სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარუდგინოს პროკურატურის შესაბამის დანაყოფს ან სასამართლოს და მოითხოვოს მის მიმართ ამ ამნისტიის გავრცელება.

„გამოძიების სტადიაზე, თუ მიწის ნაკვეთს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ადევს ყადაღა, განცხადების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენის შემდგომ პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების/შეწყვეტის და, საკუთრების უფლებით სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღის გაუქმების შესახებ. სასამართლო განხილვის სტადიაზე, თუ მიწის ნაკვეთს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ადევს ყადაღა, განცხადების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენის შემდგომ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის და, საკუთრების უფლებით სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღის გაუქმების შესახებ.

გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის მიმართ ამნისტიის აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი პროკურორი. სასამართლო განხილვის სტადიაზე ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, აგრეთვე მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სასამართლო. ხოლო თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილებას იღებს მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

ამნისტია გავრცელდება თანაამსრულებლის, თანამონაწილის და ასევე იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა აღნიშნული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა, თუ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, პირი, ვისზეც გავრცელდება ამნისტია, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.

სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებული (გადახდილი) იქნება, პირს არ დაუბრუნდება. ამასთან, მიწის ნაკვეთის ან მის ნაწილის 2023 წლის პირველ სექტემბრის შემდგომ გასხვისების შემთხვევაში პირის მიმართ ამნისტია არ გავრცელდება”, – განმარტავს მთავრობა.

კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ ამნისტია 2025 წლის პირველ იანვრამდე უნდა აღსრულდეს.