პარლამენტის მიერ 12 აპრილს მიღებული ამნისტიის კანონის საფუძველზე, ვადაზე ადრე გათავისუფლებულებმა საპატიმრო დაწესებულება დატოვეს
პარლამენტის მიერ 12 აპრილს მიღებული ამნისტიის კანონის საფუძველზე, ვადაზე ადრე გათავისუფლებულებმა საპატიმრო დაწესებულება დატოვეს

საქართველოს პარლამენტის მიერ 12 აპრილს მიღებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის შედეგად ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა პატიმრებმა საპატიმრო დაწესებულება დატოვეს.

გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პატიმრებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ალუდა ღუდუშაური დახვდნენ.

დეპუტატების თქმით, მხოლოდ დღეს საქართველოს მასშტაბით სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაახლოებით 250 ადამიანი დატოვებს და ამნისტიის შედეგად, პირები საპატიმროებს მომდევნო დღეებშიც ეტაპობრივად დატოვებენ.

ამნისტიის კანონის მიხედვით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მიერ პატიმრობაში მყოფი პირებისთვის დაწესებული შეზღუდვების კომპენსირების მიზნით, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს სასჯელი უმცირდებათ და პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი სასჯელის მოხდის ვადაში ეთვლებათ განსხვავებული წესით. აგრეთვე, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, ხოლო უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი სასჯელის მოხდის ვადაში ეთვლებათ განსხვავებული წესით.