პირი, ვისზეც მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით გავრცელდება ამნისტია, ნასამართლეობის არ მქონედ ჩაითვლება, კანონით გათვალისწინებულია, რომ ამნისტია 2025 წლის პირველ იანვრამდე უნდა აღსრულდეს
პირი, ვისზეც მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით გავრცელდება ამნისტია, ნასამართლეობის არ მქონედ ჩაითვლება, კანონით გათვალისწინებულია, რომ ამნისტია 2025 წლის პირველ იანვრამდე უნდა აღსრულდეს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განხილული და მიღებული იქნა კანონის პროექტი ამნისტიის თაობაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით – ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულებზე ცხადდება ამნისტია – ეს არის 180-ე მუხლი, რომელიც თაღლითობას ეხება და 362-ე მუხლი, რომელიც ეხება ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება და გამოყენება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამნისტიის ფარგლებში ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმების გადახდისგან თავისუფლდება ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

„ამასთან, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის ჩადენილ ზიანს. ამნისტია ვრცელდება ასევე თანააღმსრულებლებზეც, თანამონაწილეებზეც, რომლებმაც ასევე იგივე პერიოდის განმავლობაში, ანუ 2023 წლის პირველ სექტემბრამდე მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის მომზადებაში, ან მცდელობა ჰქონდათ, თუ, რა თქმა უნდა, ეს პირები აღიარებენ შესაბამის დანაშაულს. როგორც აღინიშნა, ამნისტია არ ვრცელდება საჯარო მოხელეებზე, ასევე სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო კომერციული იურიდიული პირების თანამშრომლებზე და მათ მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულებზე, აგრეთვე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებზე.

სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს მოპოვებულ მიწის ნაკვეთებზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან, თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოსთვის სასარგებლოდ მიტოვების გზით და თუ ეს შესაძლებელი არ არის, უნდა მოხდეს ეკვივალენტური თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.

ტექნიკურად ეს ასე გამოიყურება – პირმა აუცილებლად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, შემდგომ უკვე მიტოვების მოთხოვნით, შემდეგ უკვე მიტოვების თაობაზე საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ან და სახელმწიფოს ხაზინის ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტს პირი წარუდგენს უკვე პროკურატურის შესაბამის დანაყოფს, ან სასამართლოს და მოითხოვოს მის მიმართ ამნისტიის გავრცელება.

ამნისტიის კანონის პროექტით კიდევ ბევრი დეტალური ინფორმაცია არის გათვალისწინებული, მათ შორის, მაგალითისათვის, გამოძიების, თუ სასამართლო განხილვის სტადიაზე სისხლის სამართლებრივი დევნის არ დაწყების, შეწყვეტის და საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების საკითხები. ასევე გათვალისწინებული არის გამოძიების, სასამართლო განხილვის, თუ სისხლის სამართლის საქმეზე დასრულებული სამართალწარმოების სტადიაზე ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილების მიმღები პირები და ორგანოები, ასევე სხვა საკითხები.

პირი, ვისზეც გავრცელდება ამნისტია, ის ნასამართლეობის არ მქონედ ჩაითვლება და ასევე, კანონით გათვალისწინებულია, რომ ამნისტია უნდა აღსრულდეს საბოლოო ჯამში 2025 წლის პირველ იანვრამდე“, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.