ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ პანდემიის გამო მიღებული ამნისტიის კანონი პრაქტიკულად ყველა პატიმარს შეეხო
პრაქტიკულად ყველა პატიმარს შეეხო ამნისტიის აქტი. ეს ვერ იქნებოდა აქტი, რომლითაც ყველასთვის გაიღებოდა ციხის კარი, თუმცა პატიმრისთვის თითოეული დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა, რომელიც პარლამენტის მიერ 12 აპრილს მიღებული ამნისტიის კანონის საფუძველზე ვადაზე ადრე გათავისუფლებულებულ პატიმრებს გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დახვდა.
„ვფიქრობ, საზოგადოებასაც კარგად ესმის, რომ ამნისტია, რომელიც არის ჰუმანური აქტი, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მნიშვნელობა კიდევ უფროა გაზრდილი „კოვიდ“-პანდემიის გამო. საქართველო იყო მართლაც ერთ-ერთი მოწინავე, რომელმაც სამართლიანობისა და ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე, მიიღო ამნისტიის აქტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. შეეხო პრაქტიკულად ყველა პატიმარს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ გარემოება, რომ მომართვიანობა იყო ძალიან დიდი, რომელიც ეხებოდა რამდენიმე ათეული წლის წინანდელ დანაშაულებს, პატიმრებს, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი აღარ იყვნენ; შესაბამისად აქტი, რომელიც საბოლოოდ ამნისტიით გამოიცა, არის ჰუმანურობის მკაფიო გამოხატულება, ასევე სამართლიანობის პრინციპიდან ნაკარნახევი და შესაბამისად, დღევანდელი დღე კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია იმ თითოეული პატიმრისთვის, რომელსაც ის შეეხო.
მინდა ყველას ვუთხრა, რომ პრაქტიკულად ყველას შეეხო ამნისტიის აქტი; რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნებოდა აქტი, რომ გაღებულიყო ციხის კარი და ყველა პატიმარს დაეტოვებინა საპატიმრო დაწესებულება, თუმცა კარგად გვესმის და აუცილებლად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პატიმრისთვის თითოეული დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ერთი მხრივ, საზოგადოების უსაფრთხოება ამ აქტით არის დაცული, ხოლო მეორე მხრივ, იმ პატიმრების მდგომარეობა, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ, არის გაუმჯობესებული.
ზოგიერთმა, თქვენ ნახეთ, რომ დატოვა საპატიმრო დაწესებულება. ასეთი არის რამდენიმე ასეული ადამიანი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს აქტი; ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება მიესალმება აღნიშნულს. მინდა ვუსურვო იმ პატიმრებს, რომლებიც დღეს და მომდევნო დღეებშიც დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას, არასოდეს მოხვდნენ აქ და მათი რესოციალიზაცია განხორციელდეს, საზოგადოებაში დაუბრუნდნენ ცხოვრების ნორმალურ წესს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პატიმრებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ალუდა ღუდუშაური დახვდნენ. მხოლოდ დღეს საქართველოს მასშტაბით სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაახლოებით 250 ადამიანი დატოვებს და ამნისტიის შედეგად, პირები საპატიმროებს მომდევნო დღეებშიც, ეტაპობრივად დატოვებენ.