რამდენიმე ოპოზიციური პარტია მედიამენეჯერებისა და მედიის მფლობელთა მიმართ ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა
რამდენიმე ოპოზიციური პარტია მედიამენეჯერებისა და მედიის მფლობელთა მიმართ ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებლემა“ მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილთან შეხვედრა გამართეს.

როგორც აღინიშნა, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მედიამენეჯერების ამნისტიის საკითხი, ასევე, იმსჯელეს კომუნიკაციების კომისიასთან დაკავშირებულ საკითხზე. სამუშაო ჯგუფებს გამიჯნული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი კანონპროექტი მომზადდება და საპარლამენტო ოპოზიციის სახელით პარლამენტს წარედგინება.

„ინიციატივაა, რომ მოხდეს ამნისტია მედიამენეჯერების და მედიის მფლობელების მიმართ, რომელთა მიმართაც პროკურატურას სისხლის სამართლის საქმე აქვს დაწყებული და აქ საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. 12-პუნქტიან გეგმაში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე, კომუნიკაციების კომისიას ჩამოშორდეს სადამსჯელო ფუნქციები. დღეს ის გადაქცეულია მედიასაშუალებებისა და ტელევიზიების დამჯარიმებელ ორგანიზაციად. ამ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი კანონპროექტი მომზადდება და საპარლამენტო ოპოზიციის სახელით პარლამენტს წარედგინება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

ამასთან, „ლიბერალური აკადემია – თბილისის“ დირექტორ ლაშა ტუღუშის განცხადებით, მედიამენეჯერების მიმართ ამნისტიაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს და თუ ამნისტია იქნება, ამას მიესალმება.

„ვისაუბრეთ მედიამენეჯერების მიმართ განხორციელებულ ზომებზე, რომლებიც, ჩვენი აზრით, სწორი არ არის. საუბარი იყო ნიკა გვარამიაზე. ის უნდა იყოს გათავისუფლებული. ევროდირექტივები ისე არ უნდა გავიგოთ და ისეთი კანონი არ უნდა მივიღოთ, რომელიც დამატებით ბერკეტებს მისცემს მაგალითად, მარეგულირებელ კომისიას, რაც დიდი ხიფათის მომცველია. მედიამენეჯერების ამნისტიაზეც იყო საუბარი, რაზეც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. ეს ჩვენი წინადადება არ არის. თუ იქნება ამნისტია, ჩვენ მივესალმებით“, – აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

გარდა ამისა, ლაშა ტუღუშის თქმით, მახინჯი პრაქტიკაა, რომ პარტიები ბოიკოტის რეჟიმში არიან მედიის ნაწილთან. ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც დაავალდებულებს პოლიტიკურ პარტიას, მივიდეს მედიაში, თუ მედია მიიწვევს დებატებზე.

„მე პრეზენტაცია გავაკეთე პოლიტიკურ დებატებზე. მახინჯი პრაქტიკაა, რომ სამწუხაროდ, პარტიები ბოიკოტის რეჟიმში არიან მედიის ნაწილთან. თუ გვინდა, გაჯანსაღდეს მედიაგარემო, მნიშვნელივანია, რომ ბოიკოტის რეჟიმი შეიცვალოს. წარმოუდგენელია, ოპოზიციურ და კრიტიკულ მედიაში არ მიდიოდნენ იმის გამო, რომ ბოიკოტს უცხადებ და არ მოგწონს. ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს, თუ ჩვენ გვინდა დეპოლარიზაცია. მაგალითად, არჩევნების დროს, როდესაც რომელიმე პოლიტიკური პარტია არ მიდის რომელიმე მედიაში, სამწუხაროდ, ეს არის ხოლმე ძირითადად მმართველი პარტია, ვერ იმართება პოლიტიკური დებატები. პოლიტიკური დებატი ამომრჩევლისთვის არის მთავარი ინფორმაციის წყარო. თუ არ არის პოლიტიკური თემატური დებატი, ინფორმირებულ არჩევანზე ვერ გავაკეთებთ ვერანაირად აქცენტს. დღევანდელი კანონმდებლობით მედიები არიან ვალდებული, ჩაატარონ პოლიტიკური დებატები, მაგრამ ისინი ვერ ატარებენ პოლიტიკურ დებატებს, ვინაიდან პარტია ან პარტიები არ მიდიან. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც დაავალდებულებს პოლიტიკურ პარტიას, მივიდეს მედიაში, თუ მედია მიიწვევს დებატებზე. ეს იყო ჩვენი წინადადება და იმედი გვაქვს, ოპოზიცია ამ მიდგომას მხარს დაუჭერს“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.