სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებული პირების მიმართ შეფარდებული პატიმრობის კანონიერებაზე მსჯელობდნენ. ადვოკატების განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია პროცედურა, რომ დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობის კანონიერებაზე სასამართლო ბრალდებულთა დაკავების შემდეგ მსჯელობს.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა. ბრალდების მხარემ კი, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება ითხოვა.

პროცესს თავად ბრალდებულები, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძეც ესწრებოდნენ.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ორი პირი 7 ოქტომბერს დააკავეს.

ნიკა კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს დაჭრეს. მიყენებული ჭრილობებისგან კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს 20 სექტემბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებდა. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.