ნიკა კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში დაღუპული არასრულწლოვნების ძმებს სტიპენდიას უნიშნავს
ნიკა კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში დაღუპული არასრულწლოვნების ძმებს სტიპენდიას უნიშნავს

რამდენიმე კვირის წინ თბილისში, ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული არასრულწლოვნების ძმებს სტიპენდიას უნიშნავს. ამის შესახებ ნიკა კვარაცხელიას ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კვარაცხელიას ოჯახის წევრები დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ.

„მოზიარე ვართ თქვენი დიდი მწუხარების.

ყველაზე კარგად ჩვენს ოჯახს ესმის, რას გრძნობთ ახლა, რა ტკივილი გაქვთ და როგორ დათმობდით ყველაფერს, რომ თქვენი ცოლი და შვილები გადაგერჩინათ. დარწმუნებული ვართ, თქვენ, ისევე როგორც ჩვენ, დიდ იმედებს ამყარებდით თქვენს შვილებზე. ოცნებობდით, რომ ისინი მაინც იცხოვრებდნენ განსხვავებულ საქართველოში და საკუთარ თავზე არ გამოსცდიდნენ იმ ცხოვრებისეულ სიმძიმეებს, რაც ჩვენმა თაობამ გამოსცადა. ვერაფრით განუგეშებთ, რადგან ეს ტკივილი არის განუკურნებელი. ერთადერთი, რითაც ჩვენს ოჯახს შეუძლია, გამოხატოს თქვენდამი თანადგომა, „ნიკოს სტიპენდიაა“. ჩვენი გადაწყვეტილებით, თქვენი შვილები ყოველთვიურად მიიღებენ „ნიკოს სტიპენდიას“, რომლითაც, იმედი გვაქვს, შეძლებისდაგვარად უზრუნველვყოფთ მათთვის უკეთესი განათლების მიცემის შესაძლებლობას. გვჯერა, რომ მხოლოდ განათლებულ, პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალ ადამიანებს შეუძლიათ იმ უკეთესი საქართველოს მშენებლობა, რომელშიც ასე გვინდოდა, რომ ჩვენს შვილებს ეცხოვრათ“, – აღნიშნულია ნიკა კვარაცხელიას ოჯახის წერილში, რომელსაც ონლაინგამოცემა bm.ge ავრცელებს.