გაგი მოსიაშვილი - ოთარ ფარცხალაძე „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
გაგი მოსიაშვილი - ოთარ ფარცხალაძე „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

ოთარ ფარცხალაძე „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. ოთარ ფარცხალაძის, ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, გუშინ „მთავარი არხის“ ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც ფარცხალაძეს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირთა მფარველობაში ადანაშაულებენ.

მოსიაშვილის განცხადებით, „მთავარმა არხმა“ გადაუმოწმებლად დაუზუსტებელი და ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა. უფლებადამცველი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც მიმართავს.

„გუშინ დაახლოებით 21:00 საათისთვის გავიდა „მთავარ არხზე“ ეს სიუჟეტი. სიუჟეტი, რომელიც არის არა სიუჟეტი, არამედ უბრალოდ ჭორაობა, ჩემი შეფასებით. ჟურნალისტები არ უნდა ჭორაობდეთ, თქვენი მიზანი და თქვენი რეალური სახე გახლავთ ის, რომ მიაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია. აქ საზოგადოებას ინფორმაცია მათ არ მიაწოდეს, მათ უბრალოდ იჭორავეს ოთარ ფარცხალაძეზე. მიგვაჩნია, რომ უკვე დროა,  წმინდა სამართლებრივი ბრძოლა, სამართლებრივი ხაზი გაყვეს ამ დაუსაბუთებელ ბრალდებებს. აუცილებლად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი ბრძოლისათვის, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ ოთარ ფარცხალაძის მიმართ უნდა დამთავრდეს არასწორი და მიკერძოებული ინფორმაციების გავრცელება. ძალიან ბევრი აბსურდული განცხადება და სიუჟეტი მიეძღვნა ოთარს, თუმცა ეს არის ის წითელი ხაზი, სადაც ადამიანს მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირთა მფარველობას, ერთის მხრივ ვაბრალებთ და მეორეს მხრივ ამის რაიმე კონტრარგუმენტი არ არსებობს. არ არსებობს იმიტომ, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ აქვს. მზადდება ამ მიმართულებით გარკვეული სახის სამართლებრივი დოკუმენტები და უახლოეს დროებში მივმართავთ შესაბამის ორგანოებს“, – განაცხადა მოსიაშვილმა.

ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს მოკლეს.  შსს-ში აცხადებენ, რომ ვერაზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია. დანაშაულში მონაწილე პირების – ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს დაკავების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება.