ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების – აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დაუსწრებლად მსჯელობს.

სასამართლოში უკვე გამოცხადდა მათი საზოგადოებრივი ადვოკატი დალი ბარბაქაძე, რომელიც აცხადებს მისი დაცვის ქვეშ მყოფების ადგილსამყოფელის შესახებ.

„არ ვიცი ქვეყანაში არიან თუ არა, მაგრამ გამოძიებისთვის უცნობია მათი ადგილსამყოფელი. დღეს უნდა დავეკონტაქტო ოჯახებს. მასალები ჯერ არ მინახავს და შემდეგ მექნება უკვე ჩემი პოზიცია“, – განაცხადა ადვოკატმა.

ნიკა კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიყენებული ჭრილობებისგან კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.