ადვოკატი - ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი კავილაძესთან საქმის მასალებზე არ გვისაუბრია, ბრალთან დაკავშირებით შეხვედრა უმოკლეს ვადაში გვექნება
ადვოკატი - ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი კავილაძესთან საქმის მასალებზე არ გვისაუბრია, ბრალთან დაკავშირებით შეხვედრა უმოკლეს ვადაში გვექნება

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი კავილაძის ადვოკატმა, გიორგი ტურაზაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა. როგორც ადვოკატი ამბობს, კაველაძესთან დღეს ბრალთან დაკავშირებით არ უსაუბრია. ტურაზაშვილის თქმით, დაკავებულის პოზიციას ბრალდებასთან დაკავშირებით უმოკლეს ვადაში გაეცნობა.

„გარემო იყო არასამუშაო, რადგან ეს არ არის დროებითი მოთავსების იზოლატორი. პატიმრობა აქვს შეფარდებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. სამუშაო გარემო რადგან არ მქონდა, პროცედურულადაც საქმის მასალებთან დაკავშირებით, ან ბრალთან დაკავშირებით, არ გვისაუბრია. ჩემი მოსვლის მიზეზი და მიზანი გახლდათ ის, რომ მისი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მდგომარეობაში დავრწმუნებულიყავი. შევხვდი მას, გავესაუბრე. მისგან მივიღე ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობის კითხით არანაირი პრობლემა არ აქვს. პოლიციის მხრიდანაც არ ყოფილა რაიმე ზეწოლა ან მსგავსი. მისი ბადრაგირება მოხდა მე-6 პენიტენციურ დაწესებულებებში, რუსთავში. ბრალთან დაკავშირებით გვექნება შეხვედრა იმ უმოკლეს ვადაში, რომელსაც ითვალისწინებს კარანტინიდან მომდინარე შეხვედრა. მაქვს გაკეთებული მთლიანი საქმის ანალიზი, რომელიც მინდა, მას გავაცნო და იქედან მომდინარე მეცოდინება ბრალთან მისი დამოკიდებულება, ნაწილობრივ ცნობს, თუ არ ცნობს თავს დამნაშავედ. არის განსაკუთრებით მძიმე ბრალდების საქმე, სიფრთხილეა საჭირო, მაღალი პროფესიონალიზმი და კანონის უზენაესობა“,- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, საქმის მასალების ძირითადი ნაწილი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს გადასცეს. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალში გარკვეული იურიდიული ხარვეზებია.

„საქმის მასალები გადმოცემული მაქვს, შეიძლება ითქვას ძირითადი ნაწილი. ეს მოხდა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს. გავეცანი და გავაკეთე სრული ანალიზი – მასში არის გარკვეული იურიდიული ხარვეზები და ხარვეზზე მეტიც. მაგალითად, ბრალთან დაკავშირებული ფაქტობრივი ნაწილი, ანუ ბრალი ედება განზრახ მკვლელობაში დამამძიმებელი გარემოებით და ფაქტობრივი ნაწილი რაც არის, მტკიცებითი ნაწილი, ჯერჯერობით პროპორციული და ადეკვატური არ მიმაჩნია რომ იყოს. თვითონაც არ არის საქმის კურსში, როგორ გამოიყურება სისხლის სამართლის საქმე. ახლაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მეც მაქვს დაგეგმილი გაკრვეული მოქმედებები, თუმცა სტრატეგიიდან მომდინარე, ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვცდილობ, ჩავატარო“,- განაცხადა ადვოკატმა.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ორი პირი დღეს დააკავეს.

ნიკა კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს დაჭრეს. მიყენებული ჭრილობებისგან კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს 20 სექტემბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებდა. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.