“საქნახშირის” და “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” წარმომადგენლები დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებს ხვდებიან
“საქნახშირის” და “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” წარმომადგენლები დილიდან დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებს ხვდებიან.
შეხვედრაზე დაკრძალვისა და სხვა ტექნიკური საკითხების შესახებ მსჯელობენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრები კომპენსაციას მიიღებენ.
რაც შეეხება მომხდარ ფაქტს და უსაფრთხოების ზომბს, ერთ-ერთი დაღუპული მეშახტის მამა ამბობს, რომ გამოძიების შედეგებს ელოდება.
“გადამაგრებული რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა. არ იყო გადამაგრება და კამერული სისტემა რომ იყო, იმიტომ დაჯდა. სამი ლავა შეერთდა ერთმანეთთან და გამოიწვია დარტყმა”,- აცხადებს ჟალინა ქურციკიძე.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საქართველოში დღეს გლოვის დღეა.