„საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა
„საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა

კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მეოთხე მომპოვებელი უბნის თანამშრომლებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას „საქნახშირი“ ავრცელებს.

„ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის, ბეჟან წაქაძის ჩართულობით, 12 თებერვალს, მეშახტეებთან გამართული თათბირის შედეგად გადაწყდა, რომ მეშახტეები გეგმის 100 პროცენტით შესრულების შესაბამის ხელფასს მიიღებენ, მომდევნო თვეების განმავლობაში კი, გეგმის გარდა დამატებით 1340.31 ტონა ქვა-ნახშირს მოიპოვებენ. მას შემდეგ, რაც გადაჭარბების მაჩვენებელი აღნიშნულ 1340.31 ტონას აცდება, შრომის ანაზღაურების გამოანგარიშება ჩვეულებრივ, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის მიხედვით გაგრძელდება,

შეგახსენებთ, რომ ანაზღაურების ბონუსურ სისტემაზე კომპანია 2020 წლის სექტემბერში გადავიდა. გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღვოდა სამუშაო შეხვედრები. გადაწყვეტილების პროცესში თითოეული მეშახტე იყო ჩართული. მოგვიანებით, მათთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა, სადაც დეტალურად არის გაწერილი პირობები და როგორც დასაქმებულების, ისე დამსაქმებლის უფლება-მოვალეობები. 11 თებერვალს, N4 უბნის თანამშრომლებმა დაბალი ანაზღაურება გააპროტესტეს, რაც მათ მიერ გეგმის შეუსრულებლობით იყო გამოწვეული (იანვრის თვეში მათ გეგმის მხოლოდ 77.7 პროცენტი შეასრულეს რაც დღიურად 48 ლარს უდრიდა).

ამ მომენტისთვის, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც N4 უბნის თანამშრომლების მიერ გეგმის შეუსრულებლობის გამომწვევ მიზეზებს დეტალურად შეისწავლის – 10 დღის განმავლობაში მოხდება ყველა დოკუმენტის შესწავლა, გამოკვლეული იქნება გეგმის შესრულების შემაფერხებელი ფაქტორები, ავარიული, გეოლოგიური მდგომარეობა (მეშახტეების მიერ დასახელებული მიზეზები) და გაკეთდება დასკვნა, რომელიც გასაჯაროვდება. „საქნახშირისთვის“ მნიშვნელოვანია N4 უბნის თანამშრომლების ჩართულობა კომისიის მუშაობის პროცესში. შრომის დისციპლინის ნებისმიერი დარღვევა შეფასებული იქნება შრომის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაც და დასაქმებულებიც ორიენტირებულები იყვნენ პასუხისმგებლობების შესრულებაზე, მუშაობაზე და თანამშრომლობაზე. ეს კი, რა თმა უნდა, საწარმოს შეუფერხებელ ფუნქციობას და მეშახტეების მიერ მეტი ანაზღაურების გამომუშავებას გამოიწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი