თანამშრომელთა ინფიცირების გამო, „საქნახშირმა“ საწარმოო პროცესი ორი კვირით შეაჩერა
თანამშრომელთა ინფიცირების გამო, „საქნახშირმა“ საწარმოო პროცესი ორი კვირით შეაჩერა

თანამშრომელთა ინფიცირების გამო, კომპანია „საქნახშირმა“ საწარმოო პროცესი ორი კვირით შეაჩერა.

როგორც „საქნახშირის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „პისიარ“ ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 144 თანამშრომელს დაუდგინდა.

მათივე ინფორმაციით, კომპანიაში დასაქმებულების ძირითადი ნაწილი იზოლაციაში გადავა.

„საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, „საქნახშირი“ პერმანენტულად ატარებს თანამშრომლების ტესტირებას და აქტიურად ახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. 13 ნოემბერს, „პისიარ ტესტირება კომპანიის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა (დასაქმებულია 1170 ადამიანი). ამ დროისათვის ცნობილია 1 114 თანამშრომლის ტესტირების პასუხი, მათგან კოვიდ დადებითია 144 ადამიანი.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოში სამუშაო პროცესი ორი კვირით შეჩერდება. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში. მათ კოვიდსასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეიქმნება სპეციალური ქოლ-ცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს.

„საქნახშირის“ შახტებსა და მიწისზედა კომპლექსში „კოვიდ-19“-ის სადეზინფექციო სამუშაოები არ შეჩერებულა. აღნიშნულ ღონისძიებებს ვირუსის საპრევენციო შტაბი აკონტროლებს.

„საქნახშირის“ თანამშრომლებს ტესტირება ორკვირიანი კარანტინის გასვლის შემდეგ განმეორებით ჩაუტარდებათ“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.