„საქნახშირის“ დირექტორი ტყიბულის შახტაში მომხდარ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას მეშახტეებს აკისრებს
„საქნახშირის“ დირექტორი ტყიბულის შახტაში მომხდარ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას მეშახტეებს აკისრებს

კომპანია „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი, მიხაილ სოცკი აცხადებს, რომ ტყიბულის შახტაში ორი დღის წინ ინციდენტი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო მოხდა.

სოცკი მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას მეშახტეებს აკისრებს. ის ამბობს, რომ დასაქმებულებმა შახტიდან ამოსვლა ორი საათით ადრე გადაწყვიტეს და არავინ გააფრთხილეს, იმ დროს კი, ე.წ. დამხმარე ჭაური გადართული იყო ტვირთის გადაზიდვის რეჟიმზე.

მეშახტეებსა და ადმინისტრაციას შორის დღეს მოლაპარაკება გაიმართა. საწარმოს გენერალური დირექტორის ინფორმაციით, შახტების ტექნიკური გადაიარაღების თვალსაზრისით სრული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. შახტაში არსებულ ვითარებას კი, ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალური ჯგუფი შეისწავლის.

მეშახტეები მათი მხრიდან უსაფრთხოების ზომების დარღვევას გამორიცხავენ.

ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ორი დღეა, სამუშაოები შეწყვეტილია. მეშახტეების თქმით, ორი დღის წინ შახტაში გაიჭედა ლიფტი და ისინი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაჭედილი იყვნენ. ამასთან, მეშახტეებს ხელფასების მატებასთან და პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოთხოვნები აქვთ.