საქართველოში უკრაინის ელჩი - მადლობა საქართველოს მხარდამჭერი პოზიციისთვის
ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს ვაფასებთ რუსეთის აგრესიული ქმედების მანიფესტაციად და შავ ზღვაზე აგრესიული მოქმედებების გაფართოების მცდელობად, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„მადლობა საქართველოს ასეთი მხარდამჭერი პოზიციისთვის. მოხარული ვარ საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრით, რომ მივაწოდო ინფორმაცია შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით.
შავი ზღვა ყოველთვის არის ჩვენი საერთო შეშფოთების საგანი, რადგან უსაფრთხოება მთავარი ზრუნვის საგანია საქართველოსთვის, უკრაინისთვის და შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც. რასაც გუშინ ვაკვირდებოდით, არის ღია აგრესია და ველით, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს ამ საკითხზე იმსჯელებს. ველით უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის ღია შეფასებას. სამი ხომალდი და ეკიპაჟის 23 წევრი არიან დაკავებულები რუსეთის „ეფესბეს“ ძალების მიერ, თუმცა ისინი მხოლოდ სამი მათგანის დაკავებას ადასტურებენ. ჩვენი ინფორმაციით, 23 მეზღვაურიდან ექვსი დაჭრილია.
უკრაინულ ხომალდებს შეიარაღებულმა რუსულმა სამხედრო გემებმა ცეცხლი გაუხსნეს და შეიპყრეს, როდესაც ისინი ქერჩის სრუტეში შესვლას ცდილობდნენ. ჩვენ ამას რუსეთის აგრესიული ქმედების მანიფესტაციად და შავ ზღვაზე აგრესიული მოქმედებების გაფართოების მცდელობად ვაფასებთ“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.
რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.
ამასთან, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტი წინადადებას მხარს უჭერს.