უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინულ კატერებზე იერიში მიიტანეს
უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინულ კატერებზე იერიში მიიტანეს

რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს უკრაინულ კატერებზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი ბორის ბაბინი ავრცელებს.

„ქერჩის სრუტის გამოსასვლელში რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხომალდის წინააღმდეგ იარაღი გამოიყენეს. ბორტზე არის დაჭრილი. აგრესორი სახელმწიფოს სამხედროებმა კატერები დაიკავეს“, – წერს ბაბინი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, გამთენიისას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სამმა უკრაინულმა ხომალდმა რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და ქერჩის სრუტისკენ მიემართება. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ აღნიშნული ხომალდების მარშრუტის შესახებ რუსეთი ინფორმირებული იყო და გემები ოდესიდან მარიუპოლში მიემართებოდნენ. კიევში ამბობენ, რომ რუსეთმა გაერო-ს წესდება დაარღვია და უკრაინულ ხომალდს შეეჯახა.

მომხდარის გამო, უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთი პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულეს. მოგვიანებით რუსეთმა ქერჩის სრუტე სამოქალაქო გემებისთვის ჩაკეტა.