საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული საერთაშორისო, დამოუკიდებელი ექსპერტები უკვე გუდაურში არიან
16 მარტს გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზების შესასწავლად ფრანგული საერთაშორისო კომპანიის „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები უკვე გუდაურში იმყოფებიან და საექსპერტო კვლევებს იწყებენ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მათთან ერთად პროცესში ჩართულები არიან საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები. გუდაურში იმყოფება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორედ დამოუკიდებელი დასკვნის შედეგად შეიტყოს, თუ რამ განაპირობა ავარია გუდაურის ერთ-ერთ საბაგიროზე“, – ამის შესახებ გუშინ დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მთავრობას მიაჩნია, რომ დასკვნა უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი ყველა ჩართული მხარისაგან, რადგან საუბარია არა ერთ კონკრეტულ ინციდენტზე, რომლის დროსაც ადამიანები დაშავდნენ, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო შედეგზე.
გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. რვა მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს – შვიდი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, ხოლო ერთი „მედიქლაბში“. ღუდუშაურიდან უკვე გაწერეს ორი პაციენტი, ხოლო ხუთი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს, აქედან ერთს ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია.
დაშავებულებს შორის საქართველოს, უკრაინის, შვედეთისა და რუსეთის მოქალაქეები არიან.
წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.