საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებები პრაქტიკაში არაერთ პრობლემას წარმოშობს
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებები პრაქტიკაში არაერთ პრობლემას წარმოშობს

სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ნეგატიურად აფასებენ.

როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში, კანონში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულად გამიზნულია ადმინისტრირების გამარტივებისა და ხარვეზების აღმოფხვრისაკენ, პრაქტიკაში არაერთ პრობლემას წარმოშობს და ჯანდაცვის სექტორი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან შეუსაბამოდ იზრდება მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებები, რთულდება ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვების პირობები, სუსტდება სამედიცინო საქმიანობის კონტროლის განხორციელებისას სასამართლოს როლი და მკვეთრად იზრდება გარკვეულ დარღვევებზე ჯარიმების ოდენობა.

ბიზნეს ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ცვლილებების მომზადება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობის გარეშე დაუშვებელია, რადგან ცალკე აღებული მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებების ზრდა არასაკმარისია სისტემის ეფექტურობის ამაღლებისათვის და პოტენციურად შესაძლოა, ბევრად უარესი შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის, ერთი მხრივ, სექტორის ნაწილის საქმიანობის შეფერხებისა და, მეორე მხრივ, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის შემცირების თვალსაზრისით; ასოციაცია მიიჩნევს, რომ გასათვალისწინებელია ცვლილებების შედეგად კორუფციული რისკების მნიშვნელოვანი ზრდაც.

ზემოთმოყვანილი გარემოებების და კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ასევე აუცილებელია „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონებში ცვლილებების პროექტებზე რეგულირების ზეგავლენის შეფასება, რათა სრულად იქნეს წარმოჩენილი მათი მოსალოდნელი გავლენა სექტორზე“, – აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენელ კომპანიებთან დაუყოვნებლივაა საჭირო კონსულტაციების დაწყება, რათა თავიდან იყოს  აცილებული ისედაც კრიზისულ ვითარებაში მყოფი კომპანიებისთვის დაუსაბუთებელი მარეგულირებელი წნეხის შექმნა.