სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების ინიციატორი მთავრობაა. ცვლილებები დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება. კანონპროექტის მიხედვით, კანონში იქნება ჩანაწერი: „ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია“, „ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება“ და „ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება“.

ცვლილებებით დგინდება სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების-ნებართვის სამი კატეგორია: I კატეგორია გაიცემა სახელმწიფო ორგანოზე და იგი უფლებამოსილი იქნება, მოეპყროს „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“ და „შეზღუდული სარგებლობისათვის“ გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას;

II კატეგორია გაიცემა სახელმწიფო ორგანო/იურიდიულ პირზე და იგი უფლებამოსილია, მოეპყროს „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“ და „შეზღუდული სარგებლობისათვის“ გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას; ხოლო III კატეგორია გაიცემა სახელმწიფო ორგანო/იურიდიულ პირზე და იგი უფლებამოსილია, მოეპყროს „საიდუმლო“ და „შეზღუდული სარგებლობისათვის“ გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას.

ამასთან, ცვლილებებით, სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების შემთხვევაში დგინდება ვადებიც. „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ მონაცემებთან დაშვების ვადა იქნება 5 წელი, ხოლო „სრულიად საიდუმლო“ და „საიდუმლო“ მონაცემებთან დაშვების ვადაა 10 წელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, რომ მსგავსი ცვლილებების მომზადება თავად ევროკავშირის რეკომენდაციაა.

„2023 წლის 6-7 მარტს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ვიზიტი განხორციელდა, რომლის მიზანი იყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მოპყრობის შესახებ არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება, რაც მხარეებს შორის 2016 წლის 23 ივნისს ხელმოწერილი „საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ“ შეთანხმებისა და, მისი საიმპლემენტაციო შეთანხმების თანახმად, საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის დელეგაცია გაეცნო საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობას და არსებულ ინსტიტუციურ სისტემას.

ვიზიტის ფარგლებში გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რაც ქართულმა მხარემ ახლო მომავალში უნდა გადაჭრას, რათა მხარეებს შორის სამომავლოდ განხორციელდეს საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა. ამ მიზნით, ევროკავშირის მხარემ წარმოადგინა შეფასების წინასწარი დასკვნები. უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის მხარის რეკომენდაციაა, რომ საქართველომ ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისთვის შიდა კანონმდებლობაში განსაზღვროს ცალკე რეგულირების წესები, 2016 წლის 23 ივნისის შეთანხმებისა და მისი საიმპლემენტაციო შეთანხმების შესაბამისად”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.