მამუკა მდინარაძე - ვიღაცებს უნდათ, რომ უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აურიონ, ამას არ დავუშვებთ, მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ არატრადიციული წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა
მამუკა მდინარაძე - ვიღაცებს უნდათ, რომ უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აურიონ, ამას არ დავუშვებთ, მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ არატრადიციული წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა

ვიღაცებს უნდათ, რომ უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აზილონ, აურიონ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რაც შეიძლება მკაცრად და მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არატრადიციული წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ქართველ ხალს, ერთი მხრივ, ვერავინ ასწავლის ტოლერანტობას და, მეორე მხრივ, ოჯახური ღირებულებების დაცვას.

“აქტუალური საკითხებიდან ბოლო დროს გამორჩეულია ისეთი გამოწვევები, რომლებიც ვიღაცას უნდა, თანამედროვე ტრენდად, თანამედროვეობის ტრენდად შემოგვასაღოს. 2017 წელს ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ ამაზე და გვეუბნებოდნენ, რომ არ იყო ეს საკითხი აქტუალური, მაგრამ ვნახეთ, რომ ევროპის, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლითაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა. ქართველებს გვაქვს ჩვენი გამორჩეული დამოკიდებულება – ერთი მხრივ, ვერავინ გვასწავლის ტოლერანტობას და, მეორე მხრივ, რამდენად იცავდნენ ყოველთვის ქართველი კაცი და ქალი ოჯახურ ტრადიციებს, ოჯახურ ღირებულებებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, არატრადიციული ცხოვრების წესის არჩევა არ უნდა იყოს ადამიანის მიმართ რაიმე სხვანაირი დამოკიდებულების საფუძველი.

„დღეს ვიღაცებს უნდათ, უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აზილონ, აურიონ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. პირიქით, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, ეს არის ჩვენი ტრადიციული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ – რაც შეიძლება მკაცრად და მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არატრადიციული წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არავის აინტერესებს, არცერთ ჩვენგანს, არცერთ ადამიანს, ვინც ამ დარბაზშია, ამ ქვეყანაში უმრავლესობის დიდ უმრავლესობას, ვინ რა ცხოვრების წესით ცხოვრობს. ჩვენ ამ ნაწილშიც უნდა ვიყოთ შეუვალი და არავითარ შემთხვევაში არატრადიციული ცხოვრების წესის არჩევა არ უნდა იყოს ადამიანის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულების, არათუ უფლებების შელახვის, ოდნავ განსხვავებული დამოკიდებულების საფუძველიც კი.

ყველას უფლება უნდა დავიცვათ ერთნაირად, მაგრამ ამავე დროს, თუკი ვინმეს უფლების დაცვაზეა საუბარი, უნდა შევძლოთ და უზრუნველვყოთ, ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობები, ჩვენი ოჯახური ღირებულებები დავიცვათ. დავიცვათ ჩვენი არასრულწლოვანები. მაგალითად, „გელაპის“ კვლევაც აჩვენებს, არატრადიციული წესის პროპაგანდა თავის გავლენას ახდენს, ეს ჩვენ არ გვითქვამს, არც მოგვიფიქრებია, მაგრამ დაადასტურა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებმა. შესაბამისად, თუ ჩვენ ამ ორ რაღაცას ერთმანეთისგან მკაცრად, მყარად, მტკიცედ გავმიჯნავთ, ჩვენ მართალი ვიქნებით ნებისმიერი ადამიანის წინაშე, ამავე დროს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ოჯახურ ღირებულებებს, ამავე დროს დავიცავთ ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს კულტურას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.